აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, კრისტი ნოემმა X-ზე დაწერა, რომ მან აშშ-ს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს (USCIS) "მწვანე ბარათის" პროგრამის გათამაშების შეჩერება უბრძანა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდამსხმელმა, რომელმაც 13 დეკემბერს ორი ადამიანი მოკლა და ცხრა დაჭრა, ვიზა სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით მიიღო.
"ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდამსხმელი, კლაუდიო მანუელ ნევეშ ვალენტე აშშ-ში მრავალფეროვნების ლატარიის იმიგრანტთა ვიზის პროგრამით (DV1) შემოვიდა 2017 წელს და მას მწვანე ბარათი მიენიჭა. ამ საშინელ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არასდროს არ უნდა ჰქონოდა.
2017-ში პრეზიდენტი ტრამპი ცდილობდა ამ პროგრამის შეჩერებას, ნიუ-იორკში ISIS-ის ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანით ხალხში შევარდნის შემდეგ, რომელიც DV1 პროგრამის ფარგლებში შემოვიდა და რვა ადამიანი მოკლა.
პრეზიდენტის მითითებით, მე დაუყოვნებლივ ვუბრძანებ USCIS-ს, დააპაუზოს DV1 პროგრამა, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ამ კატასტროფულმა პროგრამამ მეტ ამერიკელებს ზიანი ვეღარ მიაყენოს." - წერს ნოემი.
ცნობისთვის, 13 დეკემბერს, ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, 18 დეკემბერს, ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ სეილემში ავტომობილს მიაგნო, რომელშიც სროლაში ეჭვმიტანილი პირი გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის უფროსის, ოსკარ პერესის თქმით, უნივერსიტეტზე სავარაუდო თავდამსხმელმა, კლაუდიო ნევეშ ვალენტემ, თავი მოიკლა.





