პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების მიერ წარდგენილ ანტინარკოტიკულ კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირეს. ცვლილებას 83 მომხრე ჰყავდა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
სხდომაზე ცვლილებები ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ წარადგინა. მისი თქმით, ანტინარკოტიკული კანონის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს, ერთ-ერთი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა დაემატება. ამ ცვლილების შესახებ 17 მარტს, ქართული ოცნების სხდომის შემდეგ ივანიშვილის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
10 მარტს ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები რამდენიმე კანონში შევა, მათ შორის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა.
ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გამკაცრდება სასჯელები, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის.
ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით იცვლება, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა. კერძოდ:
მარიხუანას შემთხვევაში, თუკი აქამდე განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა გამომშრალი 500 გრამი მარიხუანას ფლობა, ახლა იგივე 250 გრამზე იქნება. ნედლ მდგომარეობაში აქამდე 1 000 გრამი იყო, კანონპროექტის მიხედვით, კი 500 გრამი იქნება.
რაც შეეხება კოკაინს (ფუძე და მარილები), თუკი აქამდე განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა 6 გრამი კოკაინი, კანონპროექტის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი ოდენობა 3 გრამი გახდება.
თუ აქამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინი 0,12 გრამი იყო, ახალი კანონით 0,06 გრამი იქნება.
პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობა - აქამდე 50 გრამი, ახალი კანონით, 25.
ტეტრაჰიდროკანაბინოლები (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) აქამდე - 5 გრამი, ახალი კანონით - 2.5 გრამი.
თუ აქამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით კეტამინი 10 გრამი იყო, ახალი კანონით 5 გრამი იქნება.
პრეგაბალინი - აქამდე 60 გრამი, ახალი კანონით - 30 გრამი.
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ქართულმა ოცნებამ ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი 14 მარტს დაუჭირა.