გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრა აპრილში სურს.
ერდოღანის ადმინისტრაციამ და თეთრმა სახლმა Reuters-ს კომენტარის მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ არ უპასუხეს.
გამოცემის თანახმად, ერდოღანი ანკარასა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას რეგიონული სტაბილურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიიჩნევს, რადგან თურქეთი ცდილობს უკრაინიდან სირიამდე არსებული კონფლიქტების მოგვარებაში მთავარი შუამავლის როლი მოიპოვოს.
16 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, სატელეფონო საუბარი გამართა.
თურქული მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა მხარდაჭერა გამოუცხადა ტრამპის ინიციატივას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დამთავრდეს და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ომის დაწყებიდანვე ისწრაფოდა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ.
ამასთანავე, სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა სირიაზე დაწესებული სანქციების ერთობლივად მოხსნას გაუსვა ხაზი, რათა სტაბილურობა აღდგეს და "ახალი ადმინისტრაცია ფუნქციონალური" გახდეს.
ამას გარდა, თურქეთის პრეზიდენტმა ტრამპს უთხრა, რომ იგი აშშ-სგან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ დამატებით ნაბიჯებს მოელის იმგვარი მიდგომით, რომელიც ახალ ეპოქაში თურქეთის ინტერესებსაც ითვალისწინებს.