აშშ-თურქეთი

რუბიოს თქმით, თურქეთის საგარეო მინისტრთან აქციების ფონზე შეშფოთება გამოთქვა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო
Kent Nishimura / Bloomberg

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან თურქეთში აქციებისა და დაკავებების შესახებ შეშფოთება გამოთქვა. 

ამის შესახებ რუბიომ რეპორტიორებთან საუბრისას ილაპარაკა.

რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ თურქეთთან მრავალ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორობას ვიმედოვნებთ. მისივე თქმით, "შესაძლებელია, შეშფოთებები" გამოთქვან და ამავდროულად, "ესმოდეთ, რომ მრავალ სხვა რაღაცაზე პარტნიორობის შესაძლებლობა" აქვს. 

"საგარეო საქმეთა მინისტრთან ეს საკითხი წამოვჭერი და სავარაუდოდ სწორედ იმ სიტყვებით ვთქვი, რომლებსაც ახლა ვიყენებ, რომ ჩვენ ამ ცნობებს ვაკვირდებით და, რა თქმა უნდა, შემაწუხებელი სანახავია და მსგავსი არასტაბილურობისა ან მსგავსი მოვლენების ხილვა არ გვსურს ქვეყნებში, რომლებთანაც მრავალ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორობას ვიმედოვნებთ. პრეზიდენტ ტრამპს პირველი ვადის დროს პრეზიდენტ ერდოღანთან ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა ჰქონდა. ვფიქრობ, მათ ამის აღდგენა სურთ. მაგრამ ისინი NATO-ს მოკავშირეებიც არიან და მათთან სირიასა და სხვა ადგილებში თანამშრომლობა გვსურს. ამიტომ, გვგონია, რომ შესაძლებელია, შეშფოთებები გამოვთქვათ და, ამავდროულად, გვესმოდეს, რომ მრავალ სხვა რაღაცაზე პარტნიორობის შესაძლებლობა გვაქვს". - თქვა რუბიომ.  

რუბიოს თქმით, აშშ-ს არ მოსწონს ის მიმართულება, "რომლითაც მოვლენები ვითარდება" და "ნამდვილად შეშფოთებულები" არიან "ამ პროტესტებისა და ზოგიერთი ცნობის გამო". მანვე აღნიშნა, რომ თურქეთის ყველა "შიდა პოლიტიკურ განხილვაზე" აზრის გამოხატვას არ აპირებენ. 

"ჩვენ გამოვხატეთ, რომ შეშფოთებულები ვართ. არ მოგვწონს იმ მიმართულების ხილვა, რომლითაც მოვლენები ვითარდება. მოკავშირეა. პარტნიორია NATO-ში. ნებისმიერ დროს, როდესაც ადგილზე არასტაბილურობა გაქვს, არ მოგწონს ამის ხილვა. რა თქმა უნდა, მათ შიდა პოლიტიკური განხილვა აქვთ. ყველა მათგანზე ყოველთვის აზრის გამოთქმას აუცილებლად არ ვაპირებთ. უფრო ღრმა შეშფოთებების შემთხვევაში, მოველით, რომ დასაწყისიდანვე, სულ მცირე, არასაჯაროდ გავაჟღეროთ, განსაკუთრებით კი ახალი ადმინისტრაციის შემთხვევაში, როდესაც ურთიერთობების დამყარებას ვცდილობთ. თუმცა, ჩვენ იგივე ახალ ამბებს ვუყურებთ, რასაც ყველა დანარჩენი ხედავს იმის შესახებ, რაც ხდება. ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ამ პროტესტებისა და ზოგიერთი ცნობის გამო". - თქვა რუბიომ. 

მანამდე, 26 მარტს რუბიომ ფიდანთან შეხვედრის შესახებ X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ თურქეთში აქციებისა და დაკავებების შესახებ შეშფოთებები გამოხატა. 

"დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შევხვდი, რათა ორივე ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო ვაჭრობისა და უსაფრთხოების შესახებ თანამშრომლობა განგვეხილა. [...] თურქეთში ბოლოდროინდელ დაკავებებსა და პროტესტებზე შეშფოთება გამოვხატე". - წერდა რუბიო. 

ცნობისთვის, 23 მარტს თურქეთის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს პატიმრობა მიუსაჯა. სტამბოლის მერი კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავეს.

იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში შეკრებაზე ბევრ ქალაქში აკრძალვა ამოქმედდა, ანტისამთავრობო დემონსტრაციები უკვე მეორე კვირაა, რაც მიმდინარეობს.

18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქში 26 მარტამდე გახანგრძლივებულ შეკრებების აკრძალვას არ დაემორჩილნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

იმამოღლუსთვის პატიმრობის შეფარდებით გამოწვეულ საპროტესტო აქციებზე თურქეთში 1 900-მდე დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს. 

დაკავებულთა შორის ცხრა ჟურნალისტია, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ. იერლიკაიას მიხედვით, საპროტესტო აქციების დროს 123 პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. 

კომენტარები