თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატი X-ზე ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყნების ლიდერებმა თურქეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და როგორც რეგიონული, ასევე გლობალური საკითხები განიხილეს.
თურქული მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა მხარდაჭერა გამოუცხადა ტრამპის ინიციატივას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დამთავრდეს და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ომის დაწყებიდანვე ისწრაფოდა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ.
ამასთანავე, სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა სირიაზე დაწესებული სანქციების ერთობლივად მოხსნას გაუსვა ხაზი, რათა სტაბილურობა აღდგეს და "ახალი ადმინისტრაცია ფუნქციონალური" გახდეს.
ამას გარდა, თურქეთის პრეზიდენტმა ტრამპს უთხრა, რომ იგი აშშ-სგან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ დამატებით ნაბიჯებს მოელის იმგვარი მიდგომით, რომელიც ახალ ეპოქაში თურქეთის ინტერესებსაც ითვალისწინებს.
უწყების მიხედვით, ერდოღანმა ასევე დაამატა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად აშშ-ს მხრიდან CAATSA-ის სანქციების მოხსნა, F-16-ების შესყიდვის პროცესის დამთავრება, და F-35-ების პროგრამაში თურქეთის კვლავ გაწევრიანებაა საჭირო.
აშშ-თურქეთი
ტრამპმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა განიხილეს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Doug Mills / NYT