აშშ-თურქეთი

Reuters: თურქეთი ცდილობს, აშშ სანქციების მოხსნასა და კავშირების გაჯანსაღებაში დაარწმუნოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ვაშინგტონში იმყოფება, რათა აშშ-ს ადმინისტრაცია თურქეთზე დაწესებული სანქციების მოხსნაზე დაარწმუნოს და ანკარა F-35 Joint Strike Fighter პროგრამაში დააბრუნოს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს

Reuters-ის ცნობით, ფიდანი ამერიკელ დიპლომატებთან იმსჯელებს უკრაინაში მიმდინარე ომზე, სირიაში განვითარებულ მოვლენებსა და ღაზის სექტორში არსებულ სიტუაციაზეც. 

თურქეთის უმაღლესი დიპლომატი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება აშშ-ს სახელწმიფო მდივან მარკო რუბიოს. რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონითაც ესაუბრა - ზარი ტრამპის თანაშემწემ აღწერა, როგორც "ტრანსფორმაციული". 

ვიზიტის პარალელურად თურქეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტისა და სტამბულის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების გამო. 

ბოლო წლების განმავლობაში აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობები გაუარესდა და სტრატეგიულ პარტნიორობას მნიშნვნელოვნად დაშორდა. 

აშშ-ს წინა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, რუსეთთან თურქეთის ახლო კავშირების გამო, ანკარასთან ურთიერთობები შეასუსტა. თუმცა, როგორც Reuters წერს, ვინაიდან ტრამპი მოსკოვს ბაიდენზე გაცილებით დადებითად უყურებს, ანკარა ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებას მოელის. 

როგორც საინფორმაციო სააგენტოს ანონიმური თურქი დიპლომატი ეუბნება, ფიდანი შეხვედრებზე "ხაზს გაუსვამს CAATSA სანქციების მოხსნისა და თურქეთის F-35 პროგრამაში დაბრუნების მნიშვნელობას". 

CAATSA (Countering America’s Adversaries Through Sanctions Act) ამერიკული კანონია, რომელიც მიღებულ იქნა 2017 წელს და მიზნად ისახავს იმ ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებიც თანამშრომლობენ აშშ-ს მოწინააღმდეგე ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან.

თურქეთს CAATSA სანქციები იმ დროს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის დეკემბერში დაუწესა მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძინა. 

ამავე მიზეზით გაირიცხა თურქეთი აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი F-35 Joint Strike Fighter პროგრამიდან 2019 წელს. F-35 Joint Strike Fighter მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავია. თურქეთი, აშშ-ს სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, პროგრამაში 1999 წლიდან იღებდა მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში თურქეთი აღნიშნული ტიპის ავიაგამანადგურებლის 950-ზე მეტ კომპონენტს ამზადებდა, რის შემდეგაც მათ შეისყიდდა. 

თურქეთის მიერ რუსული S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შემდეგ აშშ-მ და NATO-მ განაცხადეს, რომ S-400 შეუთავსებელი იყო NATO-ს სისტემებთან და ქმნიდა უსაფრთხოების რისკს, რუსეთთან F-35-ის ტექნოლოგიური მონაცემები გაზიარებულიყო. 

ანკარა ამბობს, რომ პროგრამიდან მისი გამოთიშვა უსამართლო და არაკანონიერი იყო, რის გამოც იგი პროგრამაში ხელახლა გაწევრიანებას ან პროგრამაში ჩადებული საკუთარი წილი ინვესტიციის კომპენსაციას მოითხოვს. 

კომენტარები