თურქეთში აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე აღმოიფხვრას.
აშშ-ს ელჩის, ტომ ბარაკის თქმით, ამერიკულ და თურქული მხარეებს საკითხის "სუფთა ფურცლიდან" დაწყება სურთ და დაამატა, რომ კონგრესი მზადაა, საკითხს დაუბრუნდეს.
"მჯერა, რომ წლის ბოლომდე საკითხის მოგვარების შესაძლებლობა გვაქვს," თქვა ბარაკმა თურქულ სამთავრობო მედია Anadolu-სთან საუბრისას.
ცნობისთვის, თურქეთი F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პროგრამიდან გამოთიშვას უსამართლოდ მიიჩნევს და დიდი ხანია ან პროგრამაში ხელახლა გაწევრიანებას, ან მასში ჩადებული საკუთარი წილი ინვესტიციის - $1.3 მილიარდის - კომპენსაციას მოითხოვს. ამასთან, თურქი მაღალჩინოსნები აშშ-სთან საუბრებში CAATSA სანქციების მოხსნაზეც მართავდნენ მოლაპარაკებებს.
CAATSA (Countering America’s Adversaries Through Sanctions Act) ამერიკული კანონია, რომელიც მიღებულ იქნა 2017 წელს და მიზნად ისახავს იმ ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებიც თანამშრომლობენ აშშ-ს მოწინააღმდეგე ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან.
თურქეთს CAATSA სანქციები იმ დროს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის დეკემბერში დაუწესა მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძინა.
ამავე მიზეზით გაირიცხა თურქეთი აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი F-35 Joint Strike Fighter პროგრამიდან 2019 წელს. F-35 Joint Strike Fighter მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავია. თურქეთი, აშშ-ს სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, პროგრამაში 1999 წლიდან იღებდა მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში თურქეთი აღნიშნული ტიპის ავიაგამანადგურებლის 950-ზე მეტ კომპონენტს ამზადებდა, რის შემდეგაც მათ შეისყიდდა.
თურქეთის მიერ რუსული S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შემდეგ აშშ-მ და NATO-მ განაცხადეს, რომ S-400 შეუთავსებელი იყო NATO-ს სისტემებთან და ქმნიდა უსაფრთხოების რისკს, რუსეთთან F-35-ის ტექნოლოგიური მონაცემები გაზიარებულიყო.





