კესარია აბრამიძის მკვლელობა

მაღიარეო, საქართველოა, ვერ გავაკეთებ-მეთქი – აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება

თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლის წინაშე ბრალდებულის ჩვენების ვიდეოჩანაწერი წარადგინეს.

"ცივად შევედი, ლაპარაკი დავუწყე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა. რატომ იქცევი ასე-მეთქი, ვკითხე...დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე". - ამბობს სხდომაზე წარმოდგენილ ჩვენებაში აბრამიძის მკლველობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი.

ჯაიანის თქმით, აბრამიძე სთხოვდა მათი ურთიერთობა აღარ დაემალა, რაზეც ჯაიანმა უარი უთხრა, მისი თქმით, აბრამიძემ "მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა"

"ყველასთან ვცდილობდი კარგად დამეხასიათებინა, სანამ ჩემს მიმართ ასეთი გულით იყო... პირველად იმიტომ აირია[ურთიერთობა], გერმანიიდან რომ ჩამოვედი, უსამსახუროდ ვიყავი, როცა ფული გამომელია, კონფლიქტი მოხდა. რომ დავშორდი გაბოროტდა.... ზონდერიაო, სხვას დაადებინა ფოტო... მერე შევრიგდით.

დამირტყამს, მაგრამ მაგ დროს ვჭიდაობდით, შემომარტყა და წონასწორობა ვერ დაიცვა, გადავარდა. თავისიც დაეცა, მე მივიყვანე [საავადმყოფოში], მე წამოვიყვანე, ჩემიდან გამომდინარე არ მომხდარა... 1 კვირა დაშორებულები ვიყავით, მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა.

აფთიაქში შევედი, წნევის დამწევები ვიყიდე, მეც რომ დამელია, გამბედაობა არ მეყო, რომ გადმოვმხტარიყავი... ცივად შევედი, ლაპარაკი დავუწყე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა. რატომ იქცევი ასე-მეთქი, ვკითხე...დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე". - ამბობს ჯაიანი, ინტერპრესნიუსის ცნობით, ჩვენებაში.

სხდომაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერში გამომძიებელი ჯაიანს ეკითხება თუ რამდენჯერ დაარტყა დანა აბრამიძეს, რაზეც ჯაიანი პასუხობს, რომ "აფექტში იყო და არ ახსოვს".

სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, აბრამიძის გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა იყო. მისი განმარტებით, კესარია აბრამიძეს 4 მძიმე, სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, თუმცა გარდაცვალების მიზეზი 28 დაზიანების ერთობლიობით გამოწვეული მწვავე სისხლნაკლებობა იყო. ჭრილობების მიყენების პროცესში აბრამიძე ცოცხალი იყო.

18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს. 

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის "თ" და "მ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები