კესარია აბრამიძის მკვლელობა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს აფხაზეთში გადასვლა სურდა – პროკურორი

საქმის პროკურორის თქმით, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს საქართველოდან გაქცევა და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმალვა სურდა. როგორც პროკურორი განმარტავს, ეს ინფორმაცია ტაქსის მძღოლის ჩვენებას ეყრდნობა. 

ამის შესახებ პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"ბრალდებული ეკითხებოდა ტაქსის მძღოლს იმასთან დაკავშირებით, რანაირად იყო შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიის ფარგლების დატოვება, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის დაკავშირებული, ასე ვთქვათ, რომელიმე საჰაერო საზღვრის კვეთასთან. ის მიდიოდა სენაკში, საიდანაც არის წარმოშობით და შემდგომ, ტაქსის მძღოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სურდა აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა". - თქვა პროკურორმა.

დღეს, 20 სექტემბერს, ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს. 

კომენტარები