კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე პროკურორის, გრიგოლ ნიშნიანიძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულებების სახით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა.
ნიშნიანიძის თქმით, ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა, დანის გამოყენებით, მიაყენა, რაც გარდაცვალების უშუალო მიზეზი გახდა.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ბექა ჯაიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა, დანის გამოყენებით მიაყენა. სწორედ მიყენებული ჭრილობები არის გარდაცვალების უშუალო მიზეზი. ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია, სწორედ სისხლნაკლებობამ და მიყენებული ჭრილობების რაოდენობამ გამოიწვია კესარია აბრამიძის გარდაცვალება. წარმოდგენილი მტკიცებულება დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი დაიკითხება.
მოწმეთა ჩვენებებში პირდაპირ არის მითითებული იმ გარემოების შესახებ, რომ კესარია აბრამიძე მათ სამეგობროს, ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა, ბექა ჯაიანის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობრივი ქმედებების შესახებ. უფრო მეტიც, არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ის გააბრაზებდა, გაანაწყენებდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ეს ჩანაწერი საქმეში დადასტურებულია ფონეიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომ ნამდვილად ბექა ჯაიანის ხმაა. ასევე არსებობს მეზობლების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც შესწრებიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ როგორ ხორციელდებოდა ჯაიანის მხრიდან კესარია აბრამიძის მიმართ ძალადობრივი ქმედებები. რაც შეეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას, ამას დაცვის მხარე არ აღიარებს, თუმცა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში, 28 ჭრილობა, რომელიც სიცოცხლის დროინდელია, დამდგარ სიკვდილთან პირდაპირ კავშირშია". - თქვა ნიშნიანიძემ.
18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.
-
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს აფხაზეთში გადასვლა სურდა – პროკურორი
-
პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება განზრახვაზე მიუთითებს
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის "თ" და "მ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





