კესარია აბრამიძის მკვლელობა

სააპელაციო სასამართლომ ბექა ჯაიანისთვის მისჯილი უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა

პროკურატურის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ბექა ჯაიანისთვის გამოტანილი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.

ბექა ჯაიანს 16 აპრილს პირველმა ინსტანციამ უვადო თავისულების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, დიდ დიღომში, ბრალდებულმა გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით განსაკუთრებული სისასტიკით, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა კესარია აბრამიძეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად სცემდა კესარია აბრამიძეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა" - წერს პროკურატურა.


2024 წლის 18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს. 

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის "თ" და "მ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები