კესარია აბრამიძის მკვლელობა

აბრამიძის ოჯახის ადვოკატი: ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რითაც კმაყოფილი იქნებოდა ოჯახი

კესარია აბრამიძე

კესარია აბრამიძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ბექა ჯაიანისთვის უვადო პატიმრობის მისჯით სასამართლომ მიიღო ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება.

დღეს, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბექა ჯაიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება. ბექა ჯაიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების უვადო აღკვეთა. ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რითაც კმაყოფილი იქნებოდა ოჯახი. კესარიას მკვლელი მთელი თავისი არსებობის პერიოდს გაატარებს ციხის კედლებს მიღმა" - ამბობს კესარია აბრამიძის ოჯახის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი.

ჯანიანის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარეს გადაწყვეტილება უკანონოდ მიაჩნია და მას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. როგორც აბრამიძის ოჯახის ადვოკატი ამბობს, მისი მოლოდინია, რომ განაჩენი იგივე დარჩება. 

18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს. 

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის "თ" და "მ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები