კესარია აბრამიძის მკვლელობა

პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება განზრახვაზე მიუთითებს

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომის შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ბრალდებულის, ბექა ჯაიანის მიერ მიცემული ჩვენება მიუთითებს, რომ მას აბრამიძის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა. 

პროკურორმა ახსენა, რომ ჯაიანმა მკვლელობამდე დანა შეიძინა, რომლითაც ჩაიდინა დანაშაული, და დაამაატა, რომ განზრახვაზე ბრალდებულის ჩვენებაც მეტყველებს და "ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების" ამსახველი ჩანაწერებიც ადასტურებს, რომელშიც ჯაიანი აბრამიძის მკვლელობის სურვილს აღიარებს. 

"განზრახვას ასევე ადასტურებს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება, გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული, და მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო-ვიდეო ამსახველი ჩანაწერი, სადაც ის აღიარებს და ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მას სურვილი ჰქონდა, რომ სიცოცხლე მოესპო გარდაცვლილისთვის". - თქვა პროკურორმა. 

დღეს, 20 სექტემბერს, ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს. 

კომენტარები