აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება მეტწილად მოხსნილია.
"ჩვენ ეს თითქმის უკვე გავაკეთეთ". - უპასუხა ტრამპმა კითხვაზე, განიხილავს თუ არა იგი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას: "გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა უკრაინა სერიოზული იყოს რაიმეს მიღწევის შესახებ".
უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერებაზე ინფორმაცია 5 მარტს, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა
დაადასტურა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გადადგა, რაც თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეკამათება მოხდა.
ამასთან, რეტკლიფის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წინა დღით გავრცელებული განცხადების შემდეგ, მისი აზრით, უკრაინასთან სამხედრო და სადაზვერვო კუთხით აღებული პაუზა დამთავრდება და მხარეები მუშაობას გააგრძელებენ.
რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე დამატებითი ტარიფების დაწესებას განიხილავს, რათა სამშვიდობო შეთანხმების მხრივ პროგრესი იყოს: "ჩვენ ბევრ რამეს განვიხილავთ". - თქვა მან.
ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები 11 მარტს საუდის არაბეთში შეხვდებიან მხარეებს შორის ურთიერთობების გამოსწორების მიზნით, მათ შორის კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებზე შეთანხმების შესაძლო გასაახლებლადაც, რომელზეც ტრამპსა და ზელენსკის ხელი თებერვლის ბოლოსთვის უნდა მოეწერათ.
"ვფიქრობ, ბევრი პროგრესი გვექნება, ჩემი აზრით, ამ კვირაში". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
3 მარტს ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.
მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.
ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.





