Sky News-ის განახლებული ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინას უკვე ყველა სახის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა. მანამდე, ახალი ამბების სააგენტო წერდა, რომ გაზიარების შეჩერება მხოლოდ იმ სადაზვერვო ინფორმაციას ეხებოდა, რომელიც შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის ყოფილიყო გამოყენებული.
საკითხზე ინფორმირებული წყარო ამბობდა, რომ შეჩერება "ნაწილობრივი" იყო, თუმცა ახალი ინფორმაციით, წყარომ თქვა, რომ "რამდენიმე საათის წინ ყველა სახის ინფორმაციის გაცვლა შეჩერდა".
უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერებაზე ინფორმაცია დღეს, 5 მარტს, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმაც დაადასტურა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გადადგა, რაც თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეკამათება მოხდა.
ამასთან, რეტკლიფის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების შემდეგ, მისი აზრით, უკრაინასთან სამხედრო და სადაზვერვო კუთხით აღებული პაუზა დამთავრდება და მხარეები მუშაობას გააგრძელებენ.
"თქვენ ნახეთ პასუხი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განცხადება გამოაქვეყნა და თქვა "მშვიდობისთვის ვარ მზად და დონალდ ტრამპის ლიდერობით მინდა, რომ ეს მშვიდობა დადგესო", ამიტომ ვფიქრობ, სამხედრო და სადაზვერვო კუთხით, პაუზა, რამაც ეს შედეგი მოგვცა, დამთავრდება და უკრაინელებთან მხარდამხარ ვიმუშავებთ, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდით, რათა იქ აგრესიას წინააღმდეგობა გავუწიოთ, მაგრამ [ასევე] იმისთვის, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილზე იყოს, რათა ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებმა წინ წაიწიოს". - თქვა რეტკლიფმა.
თუმცა, Fox News-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა, უკრაინა აშშ-სგან მოკავშირეების გავლით ამ ინფორმაციას მაინც იღებს, რადგან აშშ განაგრძობს სადაზვერვო ინფორმაციის მოკავშირეებთან გაზიარებას, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსთანაც.
3 მარტს კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.
მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.
ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.
თუმცა, გუშინ გამოცემა RBC Ukraine სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუჩერებია.





