ტრამპის ტარიფები

ტრამპმა ტარიფები 2 აპრილამდე მექსიკასთან ერთად, კანადური იმპორტის ნაწილზეც შეაჩერა

დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს
AP

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადური იმპორტის ნაწილზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები დაახლოებით ერთი თვით, 2 აპრილამდე შეაჩერა. მანამდე, რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ ტარიფებს ამავე ვადებში შეაჩერებდა მექსიკური იმპორტის ნაწილზეც. 

ტრამპის გადაწყვეტილება მექსიკასა და კანადაზე დაწესებული ტარიფების ერთი თვით შეჩერების შესახებ გავრცელდება იმ მექსიკურ და კანადურ საქონელზე, რომელსაც USMCA-ს შეთანხმება (აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) ითვალისწინებს. აღნიშნულ შეთანხმებას ვადა სწორედ 2 აპრილს გასდის. 

ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ასევე დაწერა, რომ მექსიკაზე დაწესებული ტარიფების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმს პირადად ესაუბრა. 

ტრამპმა თქვა, რომ შეინბაუმთან "ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს" და ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის მას მადლობა გადაუხადა. 

"მას შემდეგ, რაც მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმთან ვისაუბრე, შევთანხმდით, რომ მექსიკას USMCA შეთანხმებით გათვალისწინებულ ნებისმიერ [საქონელზე] ტარიფების გადახდა არ მოუწევს. ეს შეთანხმება 2 აპრილამდე მოქმედებს.

ეს პრეზიდენტი შეინბაუმის სასარგებლოდ, მისდამი პატივისცემის ნიშნად გავაკეთე. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ერთად ძლიერ ვშრომობთ საზღვარზე ორივე კუთხით - აშშ-ში არალეგალური უცხოპლანეტელებისა და ფენტანილის შემოსვლის შეჩერებაზე. მადლობა თქვენ, პრეზიდენტო შეინბაუმ, თქვენი ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის!" - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე. 

ცნობისთვის, ტრამპის მიერ მექსიკასა და კანადაზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში 4 მარტს შევიდა. ამავე დღეს ამოქმედდა ჩინეთის წინააღმდეგ გამოცხადებული დამატებით 10%-იანი ტარიფიც, რამაც ჩინურ პროდუქტებზე დაწესებული იმპორტის გადასახადი ჯამში 20%-მდე გაზარდა. 

ტარიფების ძალაში შესვლამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა სამმა ქვეყანამ არ გადადგა საკმარისი ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიანთი ტერიტორიებიდან აშშ-ში მომაკვდინებელი ნარკოტიკების, მათ შორის, ფენტანილის შედინება შეემცირებინა. 

ჩინეთმა ტარიფების ამოქმედებიდან დაუყოვნებლივ მიიღო საპასუხო ზომები და ამერიკული სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტების იმპორტზე 10-15%-იანი იმპორტის გადასახადი დაამტკიცა და ამასთან, 25 ამერიკულ კომპანიას ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე საექსპორტო და საინვესტიციო შეზღუდვები დაუწესა. 

კანადასა და მექსიკას, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში აშშ-სთან პრაქტიკულად უტარიფო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ, მოუწიათ, დიდი ხნის მოკავშირის წინააღმდეგ საპასუხო ზომები მიეღოთ. 

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ოტავა ტრამპის ტარიფების საპასუხოდ დაუყოვნებლივ დააწესებდა 25%-იან ტარიფს დაახლოებით 20.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტზე. Reuters-ს ცნობით, ტრუდომ ასევე გამოაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის ტარიფები შესვლიდან 21 დღის შემდეგ კვლავ ძალაში დარჩება, კანადა ტარიფს დაუწესებს კიდევ 86.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტს. 

"ტარიფები ხელს შეუშლის წარმოუდგენლად წარმატებულ სავაჭრო ურთიერთობას". - თქვა ტრუდომ და დაამატა, რომ ტარიფები აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას დაარღვევს, რომელსაც ხელი სწორედ ტრამპმა მოაწერა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს. 

მექსიკის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საპასუხო ზომებს მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი დღესვე, 4 მარტს გამოაცხადებს. 

ცნობისთვის, ტრამპმა პრეზიდენტობის მეორე ვადაში პირველად ჩინეთს 10%-იანი ტარიფი 1-ელ თებერვალს დაუწესა. ტარიფი ძალაში 4 თებერვალს შევიდა. 

ამავე დღეს, 4 თებერვალს უნდა შესულიყო ძალაში მექსიკისა და კანადის წინააღმდეგ გამოცხადებული 25%-იანი ტარიფები, თუმცა ტრამპმა მათი ძალაში შესვლა 1 თვით გადადო. 

კომენტარები