აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით დღეს, 4 მარტს ძალაში შესული დამატებით 10%-იანი ტარიფების გამო ჩინურ იმპორტზე, პეკინმა ამერიკული სასოფლო-სამეურნო და საკვები პროდუქტების იმპორტზე 10-15%-იანი ტარიფები დააწესა.
ამასთან, ჩინეთმა ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე საექსპორტო და საინვესტიციო შეზღუდვები დაუწესა 25 ამერიკულ კომპანიას.
აღნიშნული 25 ამერიკული კომპანიიდან 10 პეკინის სამიზნე ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო გახდა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
ჩინეთმა საპასუხო ტარიფების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტრამპმა გასულ კვირაში ჩინურ იმპორტზე დამატებით 10%-იანი ტარიფის დაწესება გამოაცხადა, რამაც ჩინურ პროდუქტებზე ტარიფი ჯამში 20%-მდე გაზარდა, ვინაიდან თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ პეკინი ჩინეთიდან აშშ-ში ნარკოტიკების შედინების საკითხზე უმოქმედოა.
ჩინეთი, თავის მხრივ, აშშ-ს "ფენტანილით შანტაჟში" ადანაშაულებს, სახელდობრ, აშშ-ს მიერ ნარკოტიკების თემის გამოყენებაში ჩინეთისთვის ტარიფების დასაწესებლად.
Reuters-ის ცნობით, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, პეკინი კვლავ იმედოვნებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოგვარდებოდა, თუმცა მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ქვეყნებს შორის სავაჭრო ომის დაწყების საფრთხეს მოასწავებს.
"აშშ-ის ტარიფების ცალმხრივი ზომები სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და ძირს უთხრის ჩინეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის საფუძველს". - ნათქვამია ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.
"ჩინეთი მტკიცედ დაიცავს საკუთარ ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს". - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჩინეთზე დაწესებული ტარიფების გარდა, 4 მარტს ძალაში შევიდა კანადასა და მექსიკაზე დაწესებული 25%-იანი ტარიფებიც.





