თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, სასამართლომ პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
2 500 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული გირაოს ოდენობას, 2 500 000 მის საკუთრებაში არსებული ქონებით ამოიღებენ, რადგან ბაჩიაშვილს გირაო ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი. ბაჩიაშვილის დაყადაღებული ქონება, თანხის ამოღების მიზნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.
დაცვის მხარის თქმით, რადგან ბაჩიაშვილს საზღვრის კვეთის საქმეზე პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, მის მიმართ კიდევ ერთი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ დგას. სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიორგი ბაჩიაშვილის დისტანციურად გამოკითხვის შესახებ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, "ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა".
გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ მანამდე ახალი ბრალდება წარუდგინა - მას სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ - პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, ეს პროცედურა საჭირო იყო, რათა შემდეგ ბაჩიაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადებულიყო.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ქვეყნის დასატოვებლად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა.
ამავე დღეს, ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვების საკითხზე გამოძიება დაიწყება.
როგორც სადრაძე ამბობს, ბრალდების მხარის ნებართვის გარეშე ბაჩიაშვილს არ ჰქონდა საზღვრის კვეთის ნებართვა, ასევე ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტიც.





