გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ივანიშვილის სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ივანიშვილის სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს, 5 მარტს დაუსწრებლად შეუფარდა - არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, "ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა".

გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ მანამდე ახალი ბრალდება წარუდგინა - მას სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ - პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, ეს პროცედურა საჭირო იყო, რათა შემდეგ ბაჩიაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადებულიყო.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ქვეყნის დასატოვებლად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. 

ამავე დღეს, ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვების საკითხზე გამოძიება დაიწყება. 

როგორც სადრაძე ამბობს, ბრალდების მხარის ნებართვის გარეშე ბაჩიაშვილს არ ჰქონდა საზღვრის კვეთის ნებართვა, ასევე ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტიც.

კომენტარები