დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

სასაფლაომდე მისასვლელი გზა არ არის - მოქალაქის თქმით, 9 დღეა, ბებიას ვერ კრძალავს

მოქალაქე ქრისტინე ლომთათიძე ამბობს, რომ დიდთოვლობის გამო, ოჯახის წევრის დაკრძალვას ვერ ახერხებს. მან TV პირველის ეთერში ჩართვისას თქვა, რომ მე-10 დღეა, გურიაში, სოფელ ხიდისთავს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ლომთათიძე აღნიშნავს, რომ თოვლის გამო სასაფლაომდე მისვლა შეუძლებელია, ტრაქტორი კი, რომელსაც გზა უნდა გაეკვალა, გაფუჭდა.

"ბებია გარდაიცვალა 9 დღეა, დღეს მე-10 დღეა, რაც სოფელი უშუქოდ არის, გაზი არ არის, გზა არ არის, სულ ერთხელ გაიწმინდა გზა, ისიც დიდი წვალების შემდეგ. მეუბნებიან, რომ ჩემს სახლამდე მანქანით მისვლა შესაძლებელია, ამ დროს რა ხდება - L200, მაღალი გამავლობის მანქანა სახლთან დგას და ვერ გადაადგილდება. 

რამდენჯერმე დავრეკე მაღალჩინოსნებთან, ძალიან ბევრი ადამიანის შეწუხება მომიწია..  ერთ-ერთი საუბრის დროს, მეუბნებიან, თქვენ რა იცით - ოჯახში მიცვალებული ჰყავთ თუ არაო, ოჯახის წევრმა არ იცის, საკუთარ ოჯახში რა ხდება? ვეუბნები, რომ შვილი ვარ, ოჯახის წევრი ვარ, იმის მაგივრად, რამე გზა იპოვონ, მეკითხებიან გაოცებული - რომელი შვილი ხართ? ეს არის უბრალოდ სამარცხვინო...

...ერთადერთი, ხიდისთავის გამგეობიდან რაც შეძლეს, შეეცადნენ, რომ მანქანით აეყვანათ ოჯახის წევრები სახლამდე, მაგრამ ვერ შეძლეს და მამიდას უკან მოუწია დაბრუნება. დღეს სასაფლაომდე მისასვლელი გზა ფიზიკურად არ არის. დღეს უნდა გაეწმინდათ გზა, რომ ჩემი სახლიდან სასაფლაომდე ხელით აგვესვენებინა მიცვალებული, მაგრამ გაფუჭდა [ტრაქტორის] ნაწილი და ხვალ დილას გავაგრძელებთ მუშაობასო...

ვერ დავკრძალეთ მიცვალებული. შუქი არ არის, ფიზიკურად გენერატორი ვერ მოგვაწოდა ვერავინ, წარმოიდგინეთ, რა ვითარებაში გვიწევს მიცვალებულის გაჩერება... 

... ყველა ტექნიკა ფიზიკურად ჩვენს გზაზე ვერ ადის, დიდი ტექნიკა ვერ ადის, რადგან ჩვენი გზა ვიწროა. ერთი ტრაქტორი ჰყავდათ, რომელიც ახლა გაფუჭებულია, ისევ მეწიეთში აყენია. დაგვპირდნენ, ხვალ დილას გავაკეთებთ და გავწმენდთ გზასო.

... სხვა რომ ვერაფერი ვეღარ მოვიფიქრე, სხვადასხვა ადგილას გავავრცელე ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ბიჭები დაგვახმარონ და ნიჩბებით მაინც გავკვალოთ გზა სასაფლაომდე" - ამბობს ლომთათიძე გადაცემა რეაქციის ეთერში.

კომენტარები