დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

ტაივანმა ჩინური ეკიპაჟის გემი დააკავა, რომელიც წყალქვეშა კაბელის გადაჭრაშია ეჭვმიტანილი

ტაივანის სანაპირო დაცვა აკავებს სატვირთო გემს, რომელზეც ეჭვობენ, რომ ტაივანი-პესკადორის კუნძულების დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი დააზიანა, 25 თებერვალი, 2025
Taiwan Coast Guard/Anadolu/Getty Images

ტაივანის სანაპირო დაცვამ 25 თებერვალს სატვირთო გემი და მასზე მყოფი ჩინელი ეკიპაჟის წევრები დააკავა და განაცხადა, რომ იძიებენ მიზანმიმართულად მოხდა თუ არა გემის მხრიდან წყალქვეშა ინტერნეტ კაბელის დაზიანება.

ტაივანის სანაპირო დაცვის განცხადების მიხედვით, ხომალდი, რომელიც ტაივანი-პესკადორის კუნძულების დამაკავშირებელი კაბელის დაზიანებაშია ეჭვმიტანილი, "მოსახერხებელი დროშის" ქვეშ დაცურავდა და მისი ეკიპაჟი ჩინეთის 8 მოქალაქისგან შედგებოდა.

ხომალდი Hong Tai დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ტოგოში ჩინური დაფინანსებით არის დარეგისტრირებული და ტაივანის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან წყალქვეშა კაბელის სიახლოვეს 22 თებერვლიდან მოყოლებული დაცურავდა და, განცხადების მიხედვით, ტაივანის სანაპიროს დაცვის მხრიდან რადიოგადაცემებს არ პასუხობდა. 

ხოლო როცა 25 თებერვლის დილის საათებში გემმა ღუზა ჩაუშვა, ტაივანის ტელეკომის კომპანიამ Chunghwa Telecom შენიშნა, რომ კაბელი გამორთული იყო.

სანაპირო დაცვის თქმით, გემი შეაჩერეს და ბორტზე ავიდნენ, რის შემდეგაც ქალაქ ტაინანის პორტისკენ გამოძიებისთვის გააცილეს.

ბოლო წლებში ტაივანის გარშემო წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელების არაერთი საეჭვო დაზიანების შემთხვევა მოხდა.

მიმდინარე წლის იანვარში ტაივანის მთავრობაში თქვეს, რომ ჩინეთთან დაკავშირებულმა სატვირთო გემმა, სავარაუდოდ, საერთაშორისო წყალქვეშა კაბელი გადაჭრა. 

2023 წელს კი ტაივანელმა მაღალჩინოსნებმა ჩინური ხომალდები დაადანაშაულეს ორ ინციდენტში, რომელთა შედეგადაც ტაივანი-მაცზუს კუნძულების დამაკავშირებელი კაბელები დაზიანდა, რასაც ინტერნეტის გათიშვა მოჰყვა, თუმცა ტაივანში ღიად არ უთქვამთ, რომ ინციდენტი განზრახ მოწყობილი იყო.

კომენტარები