დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

ჩინეთს უფლება არ აქვს, ხელი შეუშალოს ჩვენს აქტივობებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში – ფილიპინები

REUTERS/Adrian Portugal

ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთს არანაირი უფლება არ აქვს, შეეწინააღმდეგოს ან ხელი შეუშალოს ფილიპინების კანონიერ და რეგულარულ აქტივობებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.  

სამინისტროს განცხადებით, ფილიპინები "უარყოფს და უგულებელყოფს" მანილაში ჩინეთის საელჩოს ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ პეკინის კონტროლი სპრატლის კუნძულებზე დავას არ ექვემდებარება. 

"ჩინეთს მოვუწოდებთ, პატივი სცეს ფილიპინების სუვერენიტეტსა და იურისდიქციას მაშინაც კი, როდესაც ჩვენ მშვიდობიანი და სამართლებრივი საშუალებების ძიებას ვაგრძელებთ, რათა განსხვავებები და ზღვაში არსებული სიტუაცია ვმართოთ". - ნათქვამია ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

გასულ კვირაში სამხრეთ ჩინეთის ზღვის წყლებში ჩინურ და ფილიპინურ გემებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო მხარეები ერთმანეთს სდებდნენ ბრალს. 

ფილიპინების მეთევზეობის ბიურო ამბობდა, რომ ჩინეთის სანაპირო დაცვის მიერ წყლის ჭავლის გაშვებამ და ფილიპინურ გემთან გვერდიდან მიჯახებამ საფრთხე შეუქმნა გემზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც სადავო რიფის გარშემო კვლევას აწარმოებდნენ.

მეორე მხრივ, ჩინეთის სანაპირო დაცვა აცხადებდა, რომ ორი ფილიპინური გემი უკანონოდ შეიჭრა მის წყლებში, სუბის რიფის – ჩინეთის მიერ შექმნილი ხელოვნური კუნძულის სიახლოვეს და მომსახურე პერსონალი მოამზადა, რათა სენდი ქეის კუნძულებზე გადმოსულიყვნენ. 

სპრატლის არქიპელაგის მრავალ მონაკვეთზე, მათ შორის, რიფებზე, ქვებსა თუ ხელოვნურ და ბუნებრივ კუნძულებზე დავა ფილიპინებს, მალაიზიას, ვიეტნამს, ტაივანსა და ჩინეთს შორის მიმდინარეობს. 

კომენტარები