დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინურ გემს ადევნებული ორი ჩინური ხომალდი ერთმანეთს შეეჯახა

ფილიპინების სანაპირო დაცვა

ფილიპინების ინფორმაციით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სკარბოროს მეჩეჩთან, ორი ჩინური გემი ერთმანეთს შეეჯახა, როდესაც ისინი ფილიპინების სანაპირო დაცვის ხომალდს აედევნნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ფილიპინების სანაპირო დაცვა თან ახლდა მიმდებარე წყლებში მცურავ ნავებს, რომლებიც მეთევზეებს უწევდნენ დახმარებას.

სანაპირო დაცვის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ეჯახება ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდი ბევრად უფრო დიდი ზომის სამხედრო გემს, რომელიც ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიას ეკუთვნის. 

 "[ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდმა] CCG 3104-მა, რომელიც [ფილიპინების სანაპირო დაცვის ხომალდს] BRP Suluan-ს მაღალი სიჩქარით მისდევდა, სახიფათო მანევრი შეასრულა [ფილიპინური] ხომალდის უკანა მარჯვენა მხარეს, რამაც ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო გემთან შეჯახება გამოიწვია," განაცხადა ფილიპინების სანაპირო დაცვის სპიკერმა. 

შედეგად, CCG-ის გემის წინა ნაწილი სერიოზულად დაზიანდა, რის გამოც იგი უვარგისი გახდა ცურვისთვის," დაამატა მან. 

მალევე ჩინეთის სანაპირო დაცვის სპიკერმა, კან იუმ დაადასტურა, რომ 11 აგვისტოს მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა მას ჩინური გემების ერთმანეთთან შეჯახება არ უხსენებია. 

კომენტარები