16 სექტემბერს ჩინეთის სანაპირო დაცვამ წყლის ჭავლი გამოიყენა ფილიპინური ხომალდების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც, პეკინის მტკიცებით, სკარბოროს წყალმარჩხის სანაპიროსთან ათი ფილიპინური გემი არალეგალურად გამოჩნდა და ერთ-ერთი მათგანი ჩინურ ხომალდს შეეჯახა.
ჩინეთის სანაპირო დაცვის სპიკერმა, კან იუმ, ფილიპინური ხომალდები ჩინეთის საზღვაო ტერიტორიის რამდენიმე მიმართულებით არალეგალურად დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, განცხადებას გამოეხმაურა ფილიპინების საზღვაო საბჭოს კონსულიც, რომელმაც თქვა, რომ ეს ბრალდება სიცრუეა და “ჩინეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნაწილია.”
მომხდარ ინციდენტში კან იუ ფილიპინების ხომალდს ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ ფილიპინების გემმა არ გაითვალისწინა ჩინეთის მხრიდან გაფრთხილება და განზრახ დაეჯახა ჩინეთის სანაპირო დაცვის გემს.
“ჩინეთის სანაპირო დაცვამ კანონის ფარგლებში იმოქმედა, როდესაც მიიღო ზომები ფილიპინების გემის წინააღმდეგ.” - დაამატა დაცვის სპიკერმა.
მანამდე, აგვისტოს დასაწყისში, ორი ჩინური გემი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთმანეთს შეეჯახა მას შემდეგ, რაც ისინი აედევნნენ ფილიპინების სანაპირო დაცვის გემს, რომელიც თან ახლდა მიმდებარე წყლებში მცურავ ფილიპინელი მეთევზეების ნავებს.
ცნობისთვის, ფილიპინებთან მორიგ კონფროტაციამდე ერთი კვირით ადრე ჩინეთმა სკარბოროს წყალმარჩხის ბუნებრივ ეროვნულ ნაკრძალად გარდაქმნასთან დაკავშირებით გეგმა დაამტკიცა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, 12 სექტემბერს ჩინეთის გეგმას “გამანადგურებელი” უწოდა და განაცხადა, რომ შტატები უარყოფს ჩინეთის მცდელობას რეგიონში არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციაზე.
რუბიოს თქმით, ჩინეთის მხრიდან მოსაზღვრეების შევიწროების ხარჯზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გავლენის გაზრდა არასწორია. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს მოუწოდებს, იხელმძღვანელოს 2016 წელს საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით.
ცნობისთვის, 2016 წელს ჰააგაში ჩატარებულმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მიერ რეგიონში არსებული პრეტენზიები არ ემყარება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რასაც პეკინი უარყოფს.





