დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

Reuters: ჩინეთმა აღმოსავლეთ აზიის წყლებში დიდი ოდენობით სამხედრო გემების განლაგება დაიწყო

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩინეთმა აღმოსავლეთ აზიის წყლებში დიდი რაოდენობით საზღვაო და სანაპირო დაცვის ხომალდების განლაგება დაიწყო, რომელთა რაოდენობაც გარკვეულ ეტაპზე 100-საც გადასცდა.

წყაროებსა და დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით Reuters წერს, რომ ეს ჩინეთის მხრიდან საზღვაო ძალის დემონსტრირების ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა იმ ფონზე, როცა პეკინსა და ტოკიოს შორის დიპლომატიური კრიზისი განვითარდა იაპონიის ახალი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ ჩინეთის მხრიდან ტაივანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა ან სხვა სახის ქმედება შესაძლოა, იაპონიის სამხედრო პასუხის საფუძველი გახდეს.

ამავდროულად ჩინეთის გაბრაზება გამოიწვია ტაივანის პრეზიდენტის, ლაი ჩინგ-ტეს განცხადებამაც, რომელმაც პეკინის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე ტაივანის თავდაცვის ბიუჯეტის $40 მილიარდით გაზრდა დააანონსა.

Reuters წერს, რომ ტრადიციულად დროის ეს მონაკვეთი ჩინეთის სამხედრო წვრთნებით დატვირთული პერიოდია, თუმცა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას ამ დრომდე მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარების გეგმების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

ოთხი წყაროს მიხედვით, ჩინური ხომალდები უკვე განლაგდნენ ყვითელი ზღვის სამხრეთ ნაწილებსა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ასევე სადავო სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და წყნარ ოკეანეშიც.

გამოცემის ცნობით, 4 დეკემბრისთვის რეგიონში 90-ზე მეტი ჩინური ხომალდი ოპერირებს, თუმცა მიმდინარე კვირაში ეს რიცხვი 100-საც აღემატებოდა.

კომენტარები