სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებით, უწყება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე გამოძიებას აწარმოებს, მტკიცებულებებით კი დადგინდა, რომ მისამართები, რომლებზეც ყალბი პროფილებია რეგისტირებული სანდრო ცნობილაძის საცხოვრებელ და სამუშაო მისამართებს ემთხვევა.
"გამოძიებით დგინდება, რომ 2022 წლიდან, დაზარალებულ ქალბატონს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ყალბი გვერდიდან უცნობი პირი წერდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ მისი ნაცნობი იყო, რომელთანაც წარსულში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. კომუნიკაციისას, უცნობი პირი დაზარალებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის გადაგზავნას სთხოვდა, ხოლო მოგვიანებით, როდესაც დაზარალებულმა გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტოების და ვიდეოების წაშლა მოსთხოვა, პირმა წაშლის სანაცვლოდ შეხვედრა და ინტიმური კავშირის დამყარება შესთავაზა.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სხვადასხვა დროს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციითა და META-დან მიღებული მასალებით დადგინდა მისამართები, რომლებზეც რეგისტრირებული ყალბი პროფილები ა.ც.-ის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის მისამართებს ემთხვევა.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, ჩატარდა ა.ც.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს.
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს. ასევე გამოვთქვამთ მზადყოფნას, დაზარალებულის და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გავასაჯაროოთ საქმის სხვა მტკიცებულებები." - წერია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ დაზარალებული/მოწმის გამოკითხვის ოქმში მოწმე ყვება, რომ სოციალურ ქსელში ვინმე, tomislav ivich-თან (რომელიც, როგორც ქალი აღნიშნავს, ყოფილი სექსუალური პარტნიორი ეგონა) 2021-2023 წლებში რამდენჯერმე გააგზავნა ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალა.
დღეს, 24 თებერვალს, კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა.
ჩხრეკის შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, სპორტულ კომენტატორ ცნობილაძესთან დაკავშირებით ბრალდებაზე არ არის საუბარი. მისივე თქმით, დაზარალებული ქალი მიუთითებდა პიროვნებაზე, რომლის სახლის ჩხრეკაც ჩატარდა.
თავად ცნობილაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ საქმე მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო აღიძრა, რადგან პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა.
"ერთი რამე ფაქტია, რომ საერთოდ რამე რომ ჰქონოდათ ჩემ წინააღმდეგ ახლა მე აქ არ ვიდგებოდი არცერთ შემთხვევაში, დამაკავებდნენ. როგორც ხედავთ, არ ვარ დაკავებული. მოვიდნენ დილას სადღაც, ალბათ თერთმეტი საათი იყო, მეძინა გაღვიძებულიც არ ვიყავი წესიერად. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. შესაბამისად, მათი შემოსვლის ფორმა ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი." - თქვა ცნობილაძემ.





