ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალურ პროკურატურასთან შეერთებას 1-ელი მოსმენით მხარი დაუჭირეს. პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების მომხრე ივანიშვილის 88 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, "წარმოდგენილი კანონპროექტით აღმოიფხვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული ბუნდოვანება".
"სამართლებრივი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა უფრო მეტად ამაღლდეს გამოძიების ხარისხი დანაშაულთა სამომავლო პრევენციისთვის. შესაბამისად, გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება გადაეცემა დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს საქართველოს პროკურატურას". - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტით, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კანონი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ექვემდებარებოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კანონპროექტის მიხედვით, გადავა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილია პროკურატურის თანამშრომლის მიერ.
კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ვალდებულება სამსახურის ლიკვიდაციის უზრუნველყოფასთან, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონებისა და ამ სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.





