ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, გერმანიაში ჩატარებულმა ალტერნატიულმა ექსპერტიზამ მისი და ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.
12 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარადგინეს. მაშინ ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სატელეფონო საუბარში მისი და ივანიშვილის ხმები "ვერ ამოიცნო".
ბაჩიაშვილის მიერ 2015 წელს გაკეთებულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ მასსა და ივანიშვილს შორის საუბარია ასახული, ალტერნატიული ექსპერტიზა გერმანიაში ჩაუტარდა.
"ექსპერტიზა ადასტურებს ჩანაწერის ნამდვილობას და ექსპერტიზამ ამოიცნო ჩემი და ივანიშვილის ხმები, როგორც მითითებული იყო პროკურატურის მიერ მიწოდებულ სანიმუშო CD დისკში. შესაბამისად, მათ აქვთ ჩატარებული ძალიან პროფესიონალური კვლევა, მრავალი პროგრამის გამოყენებით და რამდენადაც ჩავხედე, მითითებული აქვთ კონკრეტული კოეფიციენტებით, თუ რამდენად იყო ეს ყველაფერი გადახვრის მოცემულ ზღვრებში". - თქვა ბაჩიაშვილმა დღევანდელი სხდომის შემდეგ.
როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატი ამბობს, გერმანელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ჩანაწერს ჩარევის კვალი არ აღენიშნება და ხმებს შორის წყვეტა, სავარაუდოდ, საუბრის დროს, მოსაუბრეების პაუზით არ გამოწვეული.
"გერმანიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ფაილი არ არის დამონტაჟებული. განსხვავებით სამხარაულისგან, დადგინდა ფაილის შექმნის თარიღი და მოწყობილობა, მითითებულია რომ შექმნილია სმარტფონზე და მითითების თარიღი გახლავთ 2015 წელი". - თქვა ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დღევანდელ სხდომაზე ლატვიელი ბიზნესმენი გამოკითხეს.
საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დახურულ პროცესზე 17 თებერვალს გამოიკითხა.
სხდომაზე თურნავამ განაცხადა, რომ "ყველაფერი სრულიად კანონიერია, ჩვენ ყოველთვის ბანკებს ვუწესებთ სანქციებს და ჯარიმას, როდესაც ეს აუცილებელია".
ბაჩიაშვილის მტკიცებით, "არანაირ ინვესტიციაზე საუბარი არ ყოფილა" და ივანიშვილს მხოლოდ სესხის სახით დახმარება სთხოვა, რომელიც შემდეგ გადაიხადა.
5 თებერვალს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დისტანციურად, დახურულ სხდომაზე მისცა.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგიბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
- ივანიშვილი: ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, რადგან რაღაც კაპეიკებს გამოეკიდნენ
- ივანიშვილის ფონდი ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად."
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.





