გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ლატვიელი ბიზნესმენი გამოკითხეს

ე.წ. ბიტკოინების შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე სასამართლოში ლატვიელი ბიზნესმენი მარატ კიჩიკოვსკი გამოიკითხა. მოწმე დაცვის მხარემ გამოიძახა.

კიჩიკოვსკის თქმით, 2015 წელს ბიზნესმენმა ბაჩიაშვილს 500 ათასი აშშ დოლარი ასესხა და თავდაპირველად, დამატებით 5 მილიონის სესხებას აპირებდა, თუმცა, ბაჩიაშვილმა ეს თანხა უკეთესი პირობების გამო, საქართველოში არსებული ქართუ ბანკიდან ისესხა

კიჩიკოვსის ცნობით, მისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, "მაინინგის ბიზნესში გიორგის პარტნიორი არ ჰყავდა".

"2013 წლიდან ვიცნობ გიორგი ბაჩიაშვილს. პირადად არასდროს შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს. მე და გიორგიმ ერთად ჩავდეთ ინვესტიციები სხვადასხვა საქმიანობაში და მას მივეცი სესხიც. 2015 წლის ზაფხულში მივეცი მას 500 ათასი დოლარი, მაინინგის აღჭურვილობის დასაქირავებლად. მასზე ეს თანხა პროცენტით გავეცი და შესაბამისად, 2017 ში უკან ერთი მილიონი დოლარი დამიბრუნა.

ჯამში ვიცოდი, რომ 5 ან 6 მილიონი დოლარი სჭირდებოდა. მე მზად ვიყავი, ეს თანხა სრულად გამეცა, თუმცა საბოლოოდ ჩემგან მხოლოდ 500 ათასი აიღო სესხად დანარჩენი თანხა ის ბანკიდან აიღო. ვფიქრობ ამის მიზეზი ის იყო, რომ ბანკისგან მას უკეთესი პირობები ჰქონდა, რადგან ჩემგან აღებული სესხი უფრო ძვირადღირებული იყო. თუკი მე პირობითად 6 მილიონ დოლარს გავცემდი სესხად, უზრუნველყოფად შეიძლება მომეთხოვა მაინინგის მოწყობილობა ან ბიტკოინები რასაც გამოიმუშავებდა. გიორგიმ მითხრა, რომ სასურველი თანხის ნაწილი - სესხად გამოჰქონდა საქართველოში არსებული ბანკიდან, ამ ბანკის დასახელება ქართუ მოგვიანებით პრესიდან გავიგე". - თქვა კიჩკოვსკიმ.

საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დახურულ პროცესზე 17 თებერვალს გამოიკითხა.

სხდომაზე თურნავამ განაცხადა, რომ "ყველაფერი სრულიად კანონიერია, ჩვენ ყოველთვის ბანკებს ვუწესებთ სანქციებს და ჯარიმას, როდესაც ეს აუცილებელია".

ბაჩიაშვილის მტკიცებით, "არანაირ ინვესტიციაზე საუბარი არ ყოფილა" და ივანიშვილს მხოლოდ სესხის სახით დახმარება სთხოვა, რომელიც შემდეგ გადაიხადა.

5 თებერვალს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დისტანციურად, დახურულ სხდომაზე მისცა. 

2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით,  ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგიბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად." 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.

კომენტარები