საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, "ტიტუშკების" თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება მოითხოვა. სალომე ზურაბიშვილს დილით თბილისის აეროპორტში თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს.
"ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, აქ ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, ოცნების მიერ გამართლებულ ძალადობას პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ თუ არ ცნობენ, ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს.
მე კი არა, მე ამ შემთხვევაში არ ვარ პიროვნება, მე ვარ იმისი სიმბოლო, რასაც ებრძვის ქართული ოცნება - ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში.
იმ დროს, როცა მიმიღეს, როგორც მიმიღეს მიუნხენში თუ მანამდე ამერიკასა და პარიზში, ეს მათი რეაქცია არის მხოლოდ პატარა კაცების პატარა ბოღმა, ვერსად ვერ წავა ეს ბოღმა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა ხდება და რატომ ხდება, რომ ესენი ვერაფერს ვერ გადიან, ამას ვუხსნიდი მე უცხოეთში, რასაც ღალატს ეძახიან, რომ საქართველო ამაზე ბევრად მეტია, საქართველო ამაზე ბევრად დიდია, ესენი ვეღარც მართავენ საქართველოს, აღარც იციან, რას ნიშნავს ქვეყნის მართვა და მმართველობა.
ერთადერთი, რასაც აკეთებენ და რაც შეუძლიათ, ეს არის რაღაც რეპრესიული ზომების ერთი მეორის მოყოლებით მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლება სიტყვა არ მიყვარს, ამათ შემთხვევაში, რადგან აღარ არიან ხელისუფლება, ესენი არიან რეჟიმი.
და რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ქალის მიმართ, ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, კარგი, ნუ მცნობთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ასე იქცევი, ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მე არ ვიცი, რისი ნიშანია" - თქვა ზურაბიშვილმა.
- "რასაც დასთეს, იმას მოიმკი" – კირცხალია ზურაბიშვილზე თავდასხმაზე
- მათიკაშვილი ზურაბიშვილზე თავდასხმაზე: ღალატს რომ საზოგადოებამ პასუხი გასცა, გასაგებია
- მაჭარაშვილი: რა უკვირს ზურაბიშვილს? ვეუბნებოდით, რომ თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა
მეხუთე პრეზიდენტმა საზოგადოებას და უცხოელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის აეროპორტში უსაფრთხოება არ არის დაცული, რაც ტურიზმზე ცუდად აისახება.
"ცხადია, ეს ყველაფერი ავნებს საქართველოს იმიჯს გარეთ და არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ რანაირად უნდა ვთქვათ ტურიზმზე რამე, როცა აეროპორტში უსაფრთხოება აღარ არის დაცული, არც გუშინწინ დილით, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, ყოფილ პრემიერს, ოცნების ყოფილ პრემიერს, არც მაშინ იყო პოლიცია არსად დასანახად, არც ამ დილით.
ამ დილით უკვე ვიცოდით, ხომ იყო გავრცელებული სოციალურ ქსელში, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო, ვიღაც ქალები ავრცელებდნენ ამას. ე.ი, ყველამ იცოდა, მე თუ ვიცოდი, ყველამ იცოდა და თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ალბათ, ეს იმასაც ანიშნავს, რომ რაღაც ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული, რათა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო აეროპორტის ჰოლში და აეროპორტის გასავლელში.
რადგან იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იქ იყვნენ უცხოელი ტურისტებიც, რომლებიც გაკვირვებული უყურებდნენ, რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში. ეს არის სახელმწიფო - სახელმწიფო არის, როცა წესრიგი დაცულია, როცა უსაფრთხოება დაცულია ყველასთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკური ხედვისთვის თუნდაც არ მოგწონდეს. ეს არის სახელმწიფო და სახელმწიფოს გვიკარგავენ დღითიდღე, მაგრამ ჩვენ ვდგავართ, ხალხი დგას და მე მათთან ერთად, თუნდაც, როცა არ ვარ ქვეყანაში.
არავინ არ იფიქროს, რომ ამის გამო, მე არ წავალ და არ ჩამოვალ, სადაც საჭირო იქნება, იქ წავალ, იქიდან ჩამოვალ, იმიტომ, რომ ჩემი მოვალეობაა, ვიყო ამ ხალხის ხმა და ამ ხალხის გამამხნევებელი, რომ გაგრძელდეს ეს პროტესტი, რადგან როგორც თვითონ ამბობს მთელი საზოგადოება, რომელიც დგას რუსთაველზე და არამხოლოდ რუსთაველზე - ეს იქნება ბოლომდე, ბოლომდე მათთვის, ბოლომდე ჩემთვის" - თქვა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს თბილისის აეროპორტში 18 თებერვლის გამთენიისას დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. ვიდეო სამთავრობო პოსტივის პროპაგანდისტმა ლიზა გეგეჭკორმა გაავრცელა და დაწერა, რომ "სალომემაც ისაუზმა დღეს, საუზმეზე გახარიასავით მასაც კვერცხები ჰქონდა და ასეთი გემო აქვს ქვეყნის ღალატს".
ორი დღის წინ თბილისის აეროპორტში ტიტუშკები კვერცხებით დახვდნენ მიუნხენიდან დაბრუნებულ ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელსაც.