ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პრეზიდენტთან იყო საუბარი ოპოზიციას შორის შეხვედრების გაგრძელებაზე – ჩერგოლეიშვილი

ლუკა ახალაია

პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიებისა და მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ შეხვედრაზე, რეჟიმის წარმომადგენლების სანქცირებასთან ერთად, განიხილებოდა ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრების გაგრძელების საკითხიც. 

"იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებს შორის. ვთვლი, რომ პროცესი უნდა იყოს მაკონსოლიდირებელი და მოიცავდეს ყველა იმას, ვისაც ამომრჩეველი ჰყავს, მიუხედავად იმისა, მაღიზიანებს თუ არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამომრჩეველზე, ვინ დგას მის უკან. მე მაგალითად, ვისურვებდი გირჩიც იყოს იქ, 63 000 ამომრჩეველი ჰყავთ და მათზე უნდა ვიფიქროთ, როცა ჩვენთვის უსიამოვნო სახეებს ვხედავთ პოლიტიკური ლიდერების. ეს იყო სასაუბრო თემა და როგორ გაგრძელდება, მე არ ვიცი" - ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

ოპოზიციური პარტიების ლიდერები სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველოს, გახარია საქართელოსთვის, ფედერალისტების, პარტია სამართლიანობისთვის წარმომადგენლები. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსების განცხადებებით ირკვევა, საუბარი შეეხო მოქალაქეების უფლებადამრღვევების, მოსამართლეების, პროკურორების, ცრუ მოწმეების და ა.შ., სანქცირებაზე მუშაობას, მათ შორის, მიუნხენის კონფერენციის ფორმატში. ამ კუთხით შეხვედრაზე შეთანხმება შედგა.

კომენტარები