ევროკავშირი-აშშ

ტრამპის მიერ EU-სთვის ტარიფების დაწესების შემთხვევაში, EU საპასუხო ზომებს მიიღებს – ბარო

ჟან-ნოელ ბარო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
REUTERS/Valentyn Ogirenko

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან ნოელ ბაროს თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესების შემთხვევაში, ბლოკი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

"ჩვენ არ ვყოყმანობთ, როდესაც საქმე ჩვენი ინტერესების დაცვას ეხება". - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში ტრამპის მიერ 9 თებერვალს ფოლადისა და ალუმინის ნებისმიერ იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაანონსების შესახებ. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიღებდა თუ არა საფრანგეთი და ევროკავშირი ტრამპის ტარიფების წინააღმდეგ საპასუხო ზომებს, ბაროს თქმით, "რა თქმა უნდა. ეს სიურპრიზი არ არის. ეს დონალდ ტრამპმა 2018 წელს უკვე გააკეთა". ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2018 წლის მარტში ევროკავშირს ფოლადის იმპორტზე 25, ხოლო ალუმინის იმპორტზე 10%-იანი ტარიფები დაუწესა. 

"იმ დროს ჩვენ გავიმეორეთ [ტრამპის ქმედება]. ახლაც გავიმეორებთ". - თქვა ბარომ. 

შეკითხვაზე, ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შემთხვევაში საპასუხო რეაგირების რა ზომებზე შეთანხმდებიან ევროკავშირში, ბარომ უპასუხა, რომ ეს ევროპული კომისიის გადასაწყვეტია, თუ აშშ-ს რომელი სექტორები გახდება საპასუხო ტარიფების სამიზნე.

"არავის ინტერესებშია ევროკავშირთან სავაჭრო ომის დაწყება". - დაამატა საფრანგეთის უმაღლესმა დიპლომატმა. 

ცნობისთვის, 9 თებერვალს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აშშ-ში ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე 25%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს. 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირი ტარიფების საკითხში აშშ-სთვის "უმაღლესი პრიორიტეტი" არ უნდა იყოს. 

"არის ევროკავშირი შენი პირველი პრობლემა? არა, მე ასე არ ვფიქრობ. შენი უპირველესი პრობლემა ჩინეთი, ამიტომ შენს უპირველეს პრობლემაზე უნდა ფოკუსირდე". - თქვა მაკრონმა CNN-თან ინტერვიუში და დაამატა, რომ ევროკავშირი აშშ-ს ნაბიჯებზე რეაგირებისთვის მზად უნდა იყოს.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ცოტა ხნის წინ სატელევიზიო დებატების დროს თქვა, რომ  ტრამპის მიერ დაანონსებული ტარიფების ბლოკისთვის დაწესების შემთხვევაში, ევროკავშირს შეუძლია, საპასუხოდ "ერთ საათში" იმოქმედოს. 

კომენტარები