საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა CNN-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირისთვის მაღალი ტარიფების დაწესების გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აშშ-ს მოკავშირეა და მისი ეკონომიკის დაზიანება ამერიკის ინტერესში არ შედის.
"ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, არის თუ არა ევროკავშირი თქვენი [აშშ-ს] პირველი პრობლემა? მე ასე არ მგონია. თქვენი პირველი პრობლემა ჩინეთია და მასზე უნდა ფოკუსირდეთ. ევროპა თქვენი მოკავშირეა და თუ გსურთ მეტი ინვესტიცია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რაც, ვფიქრობ, აშშ-ს ინტერესშია, არ უნდა დააზიანოთ ევროპის ეკონომიკა ტარიფების მუქარით" – ამბობს მაკრონი.
აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი ევროკავშირთან სავაჭრო ომის დაწყებით რამდენიმე თვეა იმუქრება. დეკემბერში მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ბლოკი მეტ ამერიკულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს არ იყიდდა, "ტარიფები წამოვიდოდა".
ევროპულმა კომისიამ განაცხადა, რომ მზადაა, "პროპორციული საპასუხო რეაგირება" მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი ბლოკს ტარიფებს კვლავ დაუწესებს.
პრეზიდენტობის პირველ ვადაში ტრამპმა ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადის იმპორტზე 25%-იანი, ხოლო ალუმინის იმპორტზე 10%-იანი ტარიფები დაუწესა. ამან ევროკავშირთან სავაჭრო ომის დაწყება გამოიწვია, რაც საბოლოოდ ბლოკის მიერ 6 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე, მათ შორის, ვისკიზე, მოტოციკლებსა და ფორთოხლის წვენზე, ტარიფების დაწესებით დასრულდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებების გზით აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ომის დეესკალაცია მოახერხა.
ცნობისთვის, 31 იანვარს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან აშშ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს - კანადას, მექსიკასა და ჩინეთს - ტარიფებს დაუწესებს. ორი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაცია 25-25%-იან ტარიფებს შემოიღებს, ხოლო ჩინეთის წინააღმდეგ 10%-იანი ტარიფი დაწესდება.