აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის გეგმავს, რომ აშშ-ში ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე 25%-იანი ტარიფი დააწესოს.
"ორშაბათს ჩვენ ფოლადის ტარიფების შესახებ გამოვაცხადებთ. ნებისმიერი ფოლადს, რომელიც აშშ-ში შემოვა, 25%-იანი ტარიფი ექნება. ალუმინსაც". - თქვა ტრამპმა Air Force One თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპმა დაამატა, რომ ის 11 ან 12 თებერვალს სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც კონკრეტული ქვეყნებისთვის საპასუხო ტარიფების დაწესებას გამოაცხადებს, რომლებიც ამერიკულ იმპორტზე ამ ქვეყნების ტარიფებს დაემთხვევა.
"ძალიან მარტივად, თუ ისინი გვახდევინებენ, ჩვენც გადავახდევინებთ". - თქვა ტრამპმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე.
აშშ-ს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ დაწესდება საპასუხო ტარიფები ან როდის შევა გადაწყვეტილება ძალაში. ასევე ბუნდოვანია, დაემატება თუ არა ფოლადისა და ალუმინის ახალი ტარიფები იმ ტარიფებს, რომლებიც ტრამპმა ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის, ჩინეთს უკვე დაუწესა.
გასულ კვირას ტრამპმა ყველა ჩინური პროდუქციის იმპორტზე 10%-იანი ტარიფი დააწესა დამატებით იმ ტარიფებისა, რომლებიც ჩინურ იმპორტზე აშშ-ს უკვე დაწესებული ჰქონდა. ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ ჩინეთმა აშშ-ს მყისიერ დაუწესა საპასუხო 10 და 15%-იანი ტარიფები, მათ შორის, ჩიპებზე და სხვადასხვა ტიპის ლითონებზე.
თუმცა ტრამპმა უკვე დაიწყო დაწესებული ტარიფების შემსუბუქება. მან 800 დოლარზე ნაკლები ღირებულების იმპორტულ პროდუქტებზე გადასახადები დროებით შეაჩერა მანამ, სანამ ვაჭრობის დეპარტამენტი ახალ სისტემას შექმნის, რომელიც რთულად გასაკონტროლებელი პროდუქტების აღრიცხვას შეძლებს.
ამასთან, ტრამპმა დროებით შეაჩერა მექსიკისთვისა და კანადისთვის 1-ელ თებერვალს დაწესებული 25%-იანი ტარიფები 1-ელ მარტამდე.