მზია ამაღლობელის საქმე

ამაღლობელის ადვოკატი: უტარდება გადასხმები, რომ მისი სიცოცხლე შენარჩუნებული იქნას

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლი, მზია ამაღლობელი ვივამედის კლინიკაში მისმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მოინახულა.

მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, სადაც მან აღნიშნა, რომ ამაღლობელს ამ დროისთვის გადასხმები უტარდება. 

ჟურნალისტებთან საუბარში, მაია მწარიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო მოსმენა 4 მარტს არის ჩანიშნული.

"მზია წევს, უტარდება გადასხმები, რომ მისი სიცოცხლე შენარჩუნებული იქნას და ამ ტიპის გადასხმები მიმდინარეობს.

მისი პოზიცია არის სამწუხაროდ, რომ და ეს დღეები მუდმივად ითხოვს დაბრუნებას სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. 

მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს, მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე იყოს თავად - პროცესი დანიშნულია 4 მარტს და არ ვიცი, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი მისი ჯანმრთელობის გათვალისწინებით, მაგრამ ის ამბობს, რომ სანამ კლინიკაში კვლევები და აუცილებელი გადასხმები უტარდებოდა, ეს გააძლებინებს კიდევ რაღაც პერიოდი იმ ორგანიზმს, რომ პროცესისთვის შეძლოს ფეხზე დგომა.

იწვა ამდენი ხნის განმავლობაში, მეტყველება არ უჭირს, ვისაუბრეთ.

ცხადია ბოლოს როდესაც ვნახე, უფრო სუსტად არის, რად უნდა ამას თქმა, მაგრამ ეს გადასხმები ემსახურება ზუსტად იმას, რომ შენარჩუნებული იქნას მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი იმ ფორმით, რომ ადამიანმა შეძლოს მონაწილეობა პროცესებში, აზროვნება და პროცესზე იყოს წარმოდგენილი". - თქვა მწარიაშვილმა


მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები