ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელ კაცმა ესპანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას პალესტინელი ლტოვილების მიღებისკენ მოუწოდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ესპანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდა. 

5 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება". 

ტრამპის თქმით, აშშ ღაზის სექტორში დანგრეულ შენობებს მოაშორებს, მიწასთან გაასწორებს და დაიწყებს ეკონომიკურ განვითარებას, რაც უსაზღვრო სამუშაო ადგილებითა და საცხოვრებლებით უზრუნველყოფს მათ, ვინც იქ იცხოვრებს.

ცოტა ხნის წინ კი ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებს (IDF) მისცა ბრძანება, შექმნან გეგმა, რომელიც ღაზის სექტორის მოსახლეობას ტერიტორიის მოხალისეობრივად დატოვების საშუალებას მისცემს.

კაცის თქმით, ისრაელი ტრამპის "თამამ" გეგმას მიესალმება. მისი თქმით, ღაზის წამოსული მიგრანტები იმ ქვეყნებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ისრაელის ქმედებებს აკრიტიკებდნენ.

"ქვეყნებმა, როგორიცაა ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სხვები, რომლებიც ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებების წინააღმდეგ ყალბ ბრალდებებს ავრცელებდნენ, სამართლებრივად პასუხისმგებლები არიან, ღაზის ნებისმიერი მცხოვრები საკუთარი ტერიტორიაზე შეუშვან" – თქვა კაცმა. 

ისრაელ კაცის თქმით, ჯარს უბრძანა, რომ მოამზადონ გეგმა, რომელიც სექტორის ნებისმიერ მცხოვრებს მისცემს შესაძლებლობას, გადავიდნენ ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მათ მიღებაზე თანახმა იქნება.

კაცმა პოტენციურ მიმართულებებად ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სხვა ქვეყნები დაასახელა. მისი თქმით, ეს სახელმწიფოები აჟღერებდნენ "ცრუ ბრალდებებს" ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თუ ეს ქვეყნები პალესტინელთა მიღებაზე უარს იტყვიან, "მათი თვალთმაქცობა გამჟღავნდება".

"ღაზის მოსახლეობას უნდა შეეძლოს თავისუფლად გასვლა და ემიგრაცია, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია," - თქვა კაცმა და დაამატა, რომ ტრამპის გეგმამ შესაძლოა ხელი შეუწყოს "დემილიტარიზებული ღაზის რეაბილიტაციის გეგმებს", რომელიც "პოსტ-ჰამასის პერიოდში უსაფრთხო იქნება, რასაც მრავალი წელი დასჭირდება".

ისრაელ კაცის ინიციატივას მხარი დაუჭირეს ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერებმაც, ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მინისტრმა, ითამარ ბენ გვირმა.

თავად ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპის იდეას "აღსანიშნავი" უწოდა და თქვა, რომ ეს არის "პირველი კარგი იდეა, რომელიც გაიგო". მისი აზრით, ამ გეგმის შესრულება "ყველასთვის განსხვავებულ მომავალს შექმნის".

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება". 

ამასთანავე, ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეზობლად მდებარე ქვეყნებში უნდა აშენდეს სივრცეები, სადაც 1.8 მილიონამდე პალესტინელი შეძლებს ცხოვრებას, ხოლო ამ გეგმის დაფინანსება მეზობლად მდებარე მდიდარი ქვეყნების მიერ შეიძლება მოხდეს.

კომენტარები