ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

რა გამოხმაურებები მოჰყვა ტრამპის განცხადებას, რომ აშშ ღაზას "დაეუფლება"?

დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება".

"ჩვენ დავეუფლებით [ღაზის სექტორს] და საქმესაც გავაკეთებთ. ჩვენს მფლობელობაში იქნება და პასუხისმგებლები ვიქნებით ყველა სახიფათო აუფეთქებელი ბომბისა და ადგილზე სხვა საბრძოლო მასალის განიარაღებაზე". - თქვა მან.

ტრამპის ამ მეტად თამამ განცხადებას მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა, მათ შორის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან. 

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "საუდის არაბეთი უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, გადაასახლონ პალესტინელები საკუთარი მიწიდან. პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა გაიმეორა სამეფოს პოზიცია 'ცხადად და ცალსახად', ნებისმიერი შემთხვევისთვის ინტერპრეტაციის შესაძლებლობის დატოვების გარეშე". 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ღაზა პალესტინელებს ეკუთვნით, ხოლო ღაზიდან მათი გასახლება მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება. 

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, "ჩვენ ყოველთვის ნათელი პოზიცია გვქონდა, რომ ორი სახელმწიფოს [პრინციპზე დაფუძნებული] გადაწყვეტისკენ უნდა მივისწრაფვოდეთ. პალესტინელებს უნდა შეეძლოთ ცხოვრება თავიანთ სამშობლოში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე". 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კრისტოფ ლემუანის განცხადებით, "საფრანგეთი ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას ღაზიდან პალესტინელი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას". 

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის თქმით, "ღაზა მიწაა პალესტინელებისა, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ისინი ღაზაში უნდა დარჩნენ". 

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ აბდელატიმ პალესტინის პრემიერმინისტრ მოჰამედ მუსტაფასთან ერთად იმსჯელა ღაზის რეკონსტრუქციის პროექტის განვითარებაზე პალესტინელების იძულებითი გადაადგილების გარეშე. 

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, "რუსეთს სჯერა, რომ შუა აღმოსავლეთში მშვიდობა მხოლოდ ორი სახელმწიფოს [პრინციპზე დაფუძნებული] გადაწყვეტით მიიღწევა". 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, "ჩინეთი იმედოვნებს, რომ ყოველი მხარე იხილავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და კონფლიქტის შემდგომ მმართველობას, როგორც შესაძლებლობას, რომ დაბრუნდეს პალესტინის საკითხი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკური შეთანხმების გზაზე".

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის განცხადებით, "აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარი ღაზის დაუფლების გეგმის შესახებ მიუღებელია. ნებისმიერი გეგმა, რომელიც პალესტინელებს არ ითვალისწინებს, კიდევ უფრო დიდ კონფლიქტამდე მიგვიყვანს". 

პალესტინის ადმინისტრაციის (PA) პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის თქმით, პალესტინელები საკუთარ მიწას, უფლებებსა თუ წმინდა ადგილებს არ მიატოვებენ და რომ თაზა პალესტინის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია ისევე, როგორც დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ იერუსალიმი. 

ირანის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, "ირანი ეწინააღმდეგება პალესტინელთა გადასახლებას და საკუთარი პოზიცია სხვადასხვა გზით აქამდეც უჩვენებია". 

ჰამასის პრესსპიკერის, სამი აბუ ზუჰრის თქმით, "ჩვენი ხალხი ღაზაში ამგვარი გეგმების განხორციელებას არ დაუშვებს. ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ოკუპაცია და აგრესია უნდა შეწყდეს, იმის მაგივრად, რომ ისინი საკუთარი მიწიდან გაყარო". 

ჰამასის პოლიტიკური ბიუროს უფროსი წევრის, იზატ ალ-რიშექის თქმით კი, "ტრამპის განცხადებები რასისტულია და წარმოადგენს ნათელ მცდელობას, აღმოფხვრან პალესტინური საკითხი ჩვენი მტკიცე ეროვნული უფლებების გათვალისწინების გარეშე". 

აშშ-ს მიერ ღაზის "დაუფლების" გარდა, ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა სხვა გეგმებსა თუ პერსპექტივებზეც ისაუბრა. 

ტრამპის თქმით, აშშ ღაზის სექტორში დანგრეულ შენობებს მოაშორებს, მიწასთან გაასწორებს და დაიწყებს ეკონომიკურ განვითარებას, რაც უსაზღვრო სამუშაო ადგილებითა და საცხოვრებლებით უზრუნველყოფს მათ, ვინც იქ იცხოვრებს.

"ამ ნაწილს ჩვენ დავიკავებთ, განვავითარებთ და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით, და ეს იქნება ის, რითაც ახლო აღმოსავლეთი შეძლებს, ამაყი იყოს". - დაამატა ტრამპმა.

ამასთანავე, ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეზობლად მდებარე ქვეყნებში უნდა აშენდეს სივრცეები, სადაც 1.8 მილიონამდე პალესტინელი შეძლებს ცხოვრებას, ხოლო ამ გეგმის დაფინანსება მეზობლად მდებარე მდიდარი ქვეყნების მიერ შეიძლება მოხდეს.

"ერთადერთი მიზეზი, რატომაც პალესტინელებს ღაზაში დაბრუნება სურთ არის ის, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ. ეს ახლა დანგრეული ნაგებობების ადგილია. თითქმის ყველა შენობა წაქცეულია. ისინი ჩამონგრეული ბეტონის ქვეშ ცხოვრობენ, რაც ძალიან სახიფათო და სარისკოა. ამის ნაცვლად, მათ შეუძლიათ, დაიკავონ ლამაზი ადგილები, სახლებში და უსაფრთხოდ, და შეუძლიათ, ცხოვრება გაატარონ მშვიდობასა და ჰარმონიაში, უკან დაბრუნებისა და ხელახლა განმეორების ნაცვლად". - თქვა ტრამპმა.

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე საუბრისას თქვა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს და დაამატა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი". მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია". თუმცა, არაბულმა ქვეყნებმა მისი წინადადება უარყვეს.

თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ გაიმეორა, რომ ღაზის სექტორში ისრაელს სამი მიზანი აქვს: "ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა ჩვენი მძევლის გამოშვების გარანტირება და უზრუნველყოფა იმის, რომ ისრაელისთვის ღაზა ვეღარასდროს წარმოადგენდეს საფრთხეს". - თქვა მან.

ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერმა თქვა, რომ ტრამპს ღაზის საკითხი უფრო მაღალ დონეზე აჰყავს. "ის [ტრამპი] განსხვავებულ მომავალს ხედავს ამ მიწისთვის, რომელიც ამდენი ტერორიზმის, ჩვენს წინააღმდეგ ამდენი თავდასხმის კერა იყო, ამდენი გამოცდისა და ტანჯვის კერა. მას განსხვავებული იდეა აქვს და ვფიქრობ, ამისთვის ყურადღების მიქცევა ღირს. ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობთ, ის თავის ხალხთან ერთად განიხილავს. ვფიქრობ, ამას ისტორიის შეცვლა შეუძლია და ღირს, ამ გზას მივყვეთ". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები