აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება".
"ჩვენ დავეუფლებით [ღაზის სექტორს] და საქმესაც გავაკეთებთ. ჩვენს მფლობელობაში იქნება და პასუხისმგებლები ვიქნებით ყველა სახიფათო აუფეთქებელი ბომბისა და ადგილზე სხვა საბრძოლო მასალის განიარაღებაზე". - თქვა მან.
ტრამპის თქმით, აშშ ღაზის სექტორში დანგრეულ შენობებს მოაშორებს, მიწასთან გაასწორებს და დაიწყებს ეკონომიკურ განვითარებას, რაც უსაზღვრო სამუშაო ადგილებითა და საცხოვრებლებით უზრუნველყოფს მათ, ვინც იქ იცხოვრებს.
"ამ ნაწილს ჩვენ დავიკავებთ, განვავითარებთ და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით, და ეს იქნება ის, რითაც ახლო აღმოსავლეთი შეძლებს, ამაყი იყოს". - დაამატა ტრამპმა.
ამასთანავე, ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეზობლად მდებარე ქვეყნებში უნდა აშენდეს სივრცეები, სადაც 1.8 მილიონამდე პალესტინელი შეძლებს ცხოვრებას, ხოლო ამ გეგმის დაფინანსება მეზობლად მდებარე მდიდარი ქვეყნების მიერ შეიძლება მოხდეს.
"ერთადერთი მიზეზი, რატომაც პალესტინელებს ღაზაში დაბრუნება სურთ არის ის, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ. ეს ახლა დანგრეული ნაგებობების ადგილია. თითქმის ყველა შენობა წაქცეულია. ისინი ჩამონგრეული ბეტონის ქვეშ ცხოვრობენ, რაც ძალიან სახიფათო და სარისკოა. ამის ნაცვლად, მათ შეუძლიათ, დაიკავონ ლამაზი ადგილები, სახლებში და უსაფრთხოდ, და შეუძლიათ, ცხოვრება გაატარონ მშვიდობასა და ჰარმონიაში, უკან დაბრუნებისა და ხელახლა განმეორების ნაცვლად". - თქვა ტრამპმა.
25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე საუბრისას თქვა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს და დაამატა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი". მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია". თუმცა, არაბულმა ქვეყნებმა მისი წინადადება უარყვეს.
-
ტრამპმა იორდანიასა და ეგვიპტეს ღაზის სექტორიდან მეტი ლტოლვილის მიღებისკენ მოუწოდა
-
არაბულმა ქვეყნებმა უარყვეს იდეა პალესტინელთა ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლებაზე
თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ გაიმეორა, რომ ღაზის სექტორში ისრაელს სამი მიზანი აქვს: "ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა ჩვენი მძევლის გამოშვების გარანტირება და უზრუნველყოფა იმის, რომ ისრაელისთვის ღაზა ვეღარასდროს წარმოადგენდეს საფრთხეს". - თქვა მან.
ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერმა თქვა, რომ ტრამპს ღაზის საკითხი უფრო მაღალ დონეზე აჰყავს. "ის [ტრამპი] განსხვავებულ მომავალს ხედავს ამ მიწისთვის, რომელიც ამდენი ტერორიზმის, ჩვენს წინააღმდეგ ამდენი თავდასხმის კერა იყო, ამდენი გამოცდისა და ტანჯვის კერა. მას განსხვავებული იდეა აქვს და ვფიქრობ, ამისთვის ყურადღების მიქცევა ღირს. ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობთ, ის თავის ხალხთან ერთად განიხილავს. ვფიქრობ, ამას ისტორიის შეცვლა შეუძლია და ღირს, ამ გზას მივყვეთ". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.