დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

სალვადორმა აშშ-ს დეპორტირებული სახიფათო კრიმინალების საკუთარ ციხეებში მოთავსება შესთავაზა

ნაიიბ ბუკელე (მარცხნივ) და მარკო რუბიო
Mark Schiefelbein/Pool via REUTERS

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ცნობით, სალვადორმა აშშ-ს საკუთარ ციხეებში აშშ-დან დეპორტირებული ნებისმიერი ეროვნების "სახიფათო კრიმინალის" მოთავსება შესთავაზა. 

რუბიო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს, მათ შორის, სალვადორს ეწვია. 

სალვადორის პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელესთან შეხვედრის შემდეგ რუბიომ განაცხადა, რომ ბუკელე "დათანხმდა მსოფლიოში ყველაზე უპრეცენდენტო საიმიგრაციო შეთანხმებას". 

"აშშ-ში [მყოფი] ნებისმიერი არალეგალური მიგრანტისთვის, რომელიც სახიფათო კრიმინალია, მან [ბუკელემ] შემოგვთავაზა ციხეები, რათა გავგზავნოთ [კრიმინალები] და ის მათ ციხეებში ჩასვამს". - განაცხადა რუბიომ.

ამასთან, ბუკელემ რუბიოს შესთავაზა სალვადორის ციხეებში ამერიკის მოქალაქე ან რეზიდენტი სახიფათო კრიმინალების მოთავსება. თუმცა უცნობია, დათანხმდება თუ არა აშშ ამ შეთავაზებას, ვინაიდან ქვეყნიდან აშშ-ს მოქალაქეების დეპორტაცია კანონმდებლობის მიხედვით დასაშვები არ არის. 

როგორც Reuters წერს, იმ ძალისხმევასთან ერთად, რომ აშშ-მ მიგრანტები საკუთარ ქვეყნებში დააბრუნოს, რუბიო ასევე ცდილობს შეთანხმების მიღწევას "მესამე ქვეყნებთან", რომლებიც სხვა ეროვნების დეპორტირებულ მიგრანტებს მიიღებენ. 

მაგალითისთვის, კუბას და ვენესუელას, რომელთაც აშშ-სთან მწვავე ურთიერთობა აქვთ, შეუზღუდავთ იმ დეპორტირებულ მიგრანტთა რაოდენობა, რომლებსაც მიიღებდნენ. თუმცა, როგორც დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დათანხმდა წინადადებას, რომ აშშ-სგან დეპორტირებული ყველა ვენესუელელი მოქალაქე მიიღოს. 

კომენტარები