ზვიად ხარაზიშვილი

კოალიცია ძლიერი საქართველო ითხოვს, რომ ხარებას თანამდებობა დაატოვებინონ

IPN

კოალიცია ძლიერი საქართველო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" გათავისუფლებასა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

"გუშინ ვნახეთ მოძალადეების თარეში, რომლებსაც პოლიციის ფორმა აცვიათ, მაგრამ საერთო არაფერი აქვთ არც პოლიციასთან, არც მართლწესრიგთან, არც კანონთან და არც საზოგადოებრივი ინტერესის დაცვასთან. გუშინ ასობით მოწმის, ჩართული კამერებისა და უამრავი ადამიანის წინაშე მათ და მათმა ხელმძღვანელებმა სრულიად მშვიდობიანი და უკვე დაკავებული დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი, სადამსჯელო მოქმედებები ჩაიდინეს.

კოალიცია ძლიერი საქართველო მოითხოვს, რომ ზვიად ხარაზიშვილს თანამდებობა დაუყონებლივ დაატოვებინონ. მასზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, თუნდაც იმ ეპიზოდისთვის, რაც გუშინ უამრავმა კამერამ და ადამიანმა დააფიქსირა". - თქვა ნაცვლიშვილმა.

TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" 2 თებერვალს აღმაშენებლის ხეივანზე, თბილისი მოლთან გამართული აქციის მონაწილეს ფიზიკურად უსწორდება. ვიდეოში ჩანს, რომ "ხარება" მასთან მიყვანილ აქციის მონაწილებს წიხლს ურტყამს.

სულ თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავეს. დაკავებასთან ერთად, მოქალაქეების ნაწილს საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

კომენტარები