ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

სახის და ტვინის ტრავმა აქვთ - ექიმი 2 თებერვლის აქციაზე დაკავებულებზე

პოლიცია 2 თებერვლის  აქციაზე
ტაბულა

თბილისი მოლთან და აქციის შემდგომი მსვლელობისას დაკავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. ღუდუშაურის კლინიკის ექიმის თქმით, 2 თებერვლის საღამოს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მათთან ხუთი პაციენტი შეიყვანეს.

"ხუთი პაციენტიდან ოთხი ჰოსპიტალიზებულია, ერთმა თავისი სურვილით დატოვა კლინიკა და გადავიდა სხვა კლინიკაში, ამ ეტაპისთვის ოთხივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა აქვს ოთხივე პაციენტს, ერთ პაციენტთან თვალ-ბუდის დაზიანება იყო, თუმცა, ოფთალმოლოგმა გასინჯა და ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება" - ამბობს ექიმი TV პირველთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ 2 თებერვალს, თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს.როგორც უწყება ამბობს ამ დროისთვის, სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულები არ არიან. 

თბილისი მოლთან მოქალაქეებმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები მოითხოვეს.

თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად. გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე მათგანზე ფიზიკურად დაკავების შემდეგაც იძალადეს. 

თბილისი მოლთან აქციაზე იმყოფებოდა გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, რომელიც მითითებებს ადგილზე გასცემდა. 

კომენტარები