ზვიად ხარაზიშვილი

TV Pirveli: რეჟიმმა ზვიად ხარაზიშვილი დაზარალებულად ცნო

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, სინდისის პატიმრების საქმეში რეჟიმმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, კრიმინალური პოლიციის უფროსისთვის, თემურ კუპატაძისთვის გაგზავნილ წერილში ამტკიცებს, რომ აქციების პერიოდში მისმა დაქვემდებარებულმა სპეცრაზმმა სხვადასხვა სახის აღჭურვილობა დაკარგა.

შაბათის ეთერის ცნობით, დაკარგული ან დაზიანებული ნივთების არასრული სია მოიცავს: შავ კაბურას, ფანარს, დასაკეც ჩანთას, ყუმბარის ჩასადებს, ე.წ. რობოკოპის ფარს, ჩაფხუტს, ხელკეტს, აირწინაღს, მის ფილტრს, მათარას და პორტატულ პროჟექტორს. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, სწორედ ამ ჩამონათვალს ეყრდნობა მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

გარდა ამისა, ხარაზიშვილი მიუთითებს, რომ აქციის მონაწილეებმა ფერადი საღებავებით დააზიანეს წყლის ჭავლის მანქანა და გააფუჭეს საქარე მინა. შაბათის ეთერის ინფორმაციით, რევაზ ღამბაშიძემ, რომელიც სპეცრაზმელების აღჭურვილობაზეა პასუხისმგებელი, დაადასტურა, რომ ყველა დაკარგული ნივთი ერთ პატაკში ჩაიწერა, ბუღალტერიამ კი მათი ღირებულება განსაზღვრა და მონაცემები კრიმინალურ პოლიციას გადასცა - სწორედ ეს მონაცემები შეიტანეს სინდისის პატიმრების საქმეში.

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ სპეცრაზმს დაუზიანდა ზამთრის და ზაფხულის უნიფორმაც, მათ შორის: 82 ქურთუკი, 24 შარვალი, 127 წყვილი ზაფხულის ფეხსაცმელი და 21 წყვილი ზამთრის ფეხსაცმელი და შავი პულოვერი.

როგორც წერს ტვ პირველი სინდისის პატიმრების საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსაც, ხოლო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ სანქცირებულმა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ შეადგინა. ამ შემთხვევაში, რეჟიმის პატიმრებს შკოდას ორი მანქანის დაზიანებას აბრალებენ. დაზარალებულად ცნეს თბილისის მერიის ურბანული განვითარების სააგენტო და თბილსერვისიც. ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთი თანამშრომლის, იოსებ მამადაშვილის ჩვენების თანახმად, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში აქციის მონაწილეებმა დააზიანეს მერიის ინვენტარი.

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, გამოძიებამ ზარალში ჩაწერა საპროტესტო გზავნილების წაშლის ხარჯიც პარლამენტის შენობიდან, რაც 20.000 ლარი დაჯდა. მერია კი ჩივის, რომ დააზიანდა დეკორატიული ბუჩქები და ბალახის საფარი.

ე.წ. დაზარალებულ უწყებებს შორის წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს პარლამენტი. 2025 წლის 17 იანვარს გამოკითხეს საკანონმდებლო ორგანოს სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც ამტკიცებს, რომ საპროტესტო მოქმედებების შედეგად დაზიანდა პარლამენტის ინვენტარი და ინფრასტრუქტურა. დამატებით, შენობაში, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული, აღინიშნება კონდიციონერისა და ფარდების დაზიანების ფაქტიც.

ამავდროულად, დაზარალებულად უკვე აღიარებულია კერძო სექტორის წარმომადგენელი — ტანსაცმლის მაღაზია ბოსი (Hugo BOSS), რომელიც ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეებმა მისი ვიტრინის მინა ჩაამსხვრიეს.

კომენტარები