ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

აქციაზე დაკავებულ 5 ადამიანს თავის ტვინის შერყევა აქვს

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ცნობით, აქციაზე დაკავებულ 4 ადამიანს, რომლებიც კლინიკაში იზოლატორიდან შეიყვანეს, თავის ტვინის შერყევა აქვს. 

"გუშინ, საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 5 დაშავებული შემოიყვანეს. აქედან 4 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, ერთმა პაციენტმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა, სხვა კლინიკაში გადავიდა. ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ოთხივე პაციენტი" - ამბობს კლინიკის წარმომადგენელი. 

ვივამედის კლინიკური დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ვივამედში გადაყვანილ ორ პაციენტს შორის ერთს ასევე თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. 

"გუშინ, ჩვენს კლინიკაში 2 დაშავებული შემოიყვანეს. ერთი ჰოსპიტალიზებულია, მეორე ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ერთი პაციენტი სტაციონარში" - ამბობს ჩხაიძე IPN-თან. 


შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ 2 თებერვალს, თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს.

როგორც უწყება ამბობს ამ დროისთვის, სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულები არ არიან. 

გუშინ, 2 თებერვალს, თბილისი მოლთან მოქალაქეებმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს, დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები მოითხოვეს.

თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად. გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე მათგანზე ფიზიკურად დაკავების შემდეგაც იძალადეს. 

თბილისი მოლთან აქციაზე იმყოფებოდა გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, რომელიც მითითებებს ადგილზე გასცემდა. 

კომენტარები