მზია ამაღლობელის საქმე

17-დღიანი შიმშილობით გამოწვეული საშიში შედეგები - ბათუმელი ექიმების განცხადება

ნეტგაზეთი

დღეს, 28 იანვარს ბათუმელი ექიმების განცხადება გავრცელდა, სადაც ისინი ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის 17-დღიანი შიმშილობის სიცოცხლისთვის საშიშ შედეგებზე საუბრობენ და მოითხოვენ, რომ შეიქმნას კვალიფიციური, მრავალპროფილური ექიმებით დაკომპლექტებული კონსილიუმი, რომელიც სასწრაფოდ მოინახულებს რეჟიმის პატიმარს.

"შიმშილობის მე-17 დღეს შესაძლოა განვითარდეს ორგანოების უკმარისობა ისეთი, როგორიც არის გული, თირკმელები, ღვიძლი და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება. 

ნერვული სისტემის მხრივ, თავის ტვინი ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს თავისი ფუნქციონირების შესუსტებას, რაც თავის მხრივ იწვევს გონების დაკარგვას, კომას და შესაძლოა სიკვდილსაც.

ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია, კუნთების სპაზმი და სხვა სერიოზული პრობლემები.

იმუნური სისტემის მხრივ, ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ. პაციენტს წარმოექმნება მენტალური პრობლემები. შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს.

რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება: წყალი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ იმ ენერგიას, რომელიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცხიმებიდან, ცილებიდან. ასევე ამ დროს ვითარდება ვიტამინების და მინერალების დეფიციტი." - ამბობენ ექიმები.

"მზია ამაღლობელი ბოლო 45 წელიწადში საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც უკანონო ხელისუფლება სჯის. [...]

ჩვენი მოთხოვნაა, სანდო, კვალიფიციური, მრავაპროფილური ექიმები (იქნება ეს კონსილიუმის, თუ სხვა ფორმით) დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. თითოეული აქ მდგომი მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით შევიდეს მზია ამაღლობელთა. თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს დიქტატურისგან!" - განაცხადეს მათ.

ამაღლობელის ადვოკატის, გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, შიმშილობა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა არის კომუნიკაციის გზა, რომ "ხმა მიაწვდინოს ყველას, იმას, ვისთანაც შეუძლია მას ამ ფორმით იკომუნიკაციოს".

კომენტარები