300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელის დაპატიმრებას და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.
"ონლაინ გამოცემების ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.
მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.
12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა - მზია ამაღლობელი, თითოეულ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე.
ქართული ოცნების მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო.
გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული "რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.
ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, ივანიშვილის რეჟიმის სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეები.
2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა
"ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით" და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი.
ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის "ბრალდებით" დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.
მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში". - ნათქვამია განცხადებაში.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა





