ნიდერლანდები

დრენტსის მუზეუმიდან ოქროს არტეფაქტები მოიპარეს - მძარცველებმა მუზეუმის შესასვლელი ააფეთქეს

25 იანვრის დილას ნიდერლანდების დრენტსის მუზეუმიდან ოთხი უძველესი ოქროს არტეფაქტი, მათ შორის ძვ.წ. 450 წლით დათარიღებული ოქროს ჩაფხუტი მოიპარეს. მუზეუმში ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებული რუმინული სამკაულები იყო გამოფენილი.

პოლიციის ინფორმაციით, მძარცველებმა ნიდერლანდების ქალაქ ასენში მდებარე მუზეუმში შეღწევისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს.

არტეფაქტები ბუქარესტის ეროვნული ისტორიული მუზეუმის საკუთრებაა, რომლებიც რუმინეთის სხვა მუზეუმებიდან გამოგზავნილ არტეფაქტებთან ერთად მოძრავი გამოფენის ფარგლებში დრენტსის მუზეუმში იყო წარმოდგენილი.

გამოფენის დასრულება, რომელიც 673 უნიკალურ ექსპონატს მოიცავდა, 26 იანვარს იყო დაგეგმილი.

"ეს შავი დღეა ასენის დრენტის მუზეუმისთვის და ბუქარესტის რუმინეთის ეროვნული ისტორიული მუზეუმისთვის. მუზეუმის არსებობის 170-წლიანი ისტორიის განმავლობაში ასეთი სერიოზული ინციდენტი ჯერ არასდროს მომხდარა" – თქვა მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, ჰარი ტუპანმა.

კომენტარები