ბათუმელების ოპერატორის გურამ მურვანიძის განცხადებით, დაკავების შემდეგ, მის ტელეფონში არსებული ყველა ვიდეო და ფოტომასალა წაშალეს. მას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელისშეშლისა და პერსონალური მონაცემები უკანონოდ მოპოვების გამო, საგამოძიებო უწყებებში სარჩელი შეაქვს.
როგორც მურვანიძე იხსენებს, მისი დაკავება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით მოხდა, მას შემდეგ რაც მან გაიგო, რომ მურვანიძე ბათუმელების ოპერატორი იყო.
"ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან ვიღებდი აქციას, რა დროსაც ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დამაკავეს. მობილური ტელეფონით ვახორციელებდი ვიდეო გადაღებას, ხელი ზემოთ მქონდა აწეული და აქციის მონაწილეების დაკავების პროცესს ვიღებდი.
ჩემკენ შემოტრიალდა ირაკლი დგებუაძე, მკითხა ვინ ვიყავი, რომ ვუთხარი, რომ ვიყავი ბათუმელების თანამშრომელი, პოლიციელებს უთხრა ენახათ რას ვიღებდი, ჩამოერთმიათ ჩემთვის ტელეფონი, წაეშალათ და ასევე დავეჭირე. მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა, წამიყვანეს პოლიციის ავტომობილისკენ, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაუშვი ტელეფონს ხელი, რას იღებ, ხელებს მოგამტვრევ ბიჭო". - იხსენებს მურვანიძე.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გავიდა და ტელეფონი დაუბრუნეს, მასში შენახული ყველა მასა და აპლიკაცია წაშლილი დახვდა.
"მე გადაღებული მქონდა საკუთარი დაკავების კადრი, მათ შორის საუბარი ირაკლი დგებუაძესთან, რომელიც არის მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ეს იცოდა, როგორც მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, ასევე შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ.
რადგან ჩემი ტელეფონი პოლიციიდან ქარხნულ მდგომარეობაში დამიბრუნეს, როგორც ჩანს იმ პერიოდში, როცა ვიმყოფებოდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, შსს-ს თანამშრომლებმა გახსნეს დალუქული მობილური ტელეფონი, შეაღწიეს სისტემაში, შემდეგ კი ინფორმაცია წაშალეს. ჩემს ტელეფონში შემოღწევით და ამ მასალების წაშლით მოხდა არა მხოლოდ ჩემი პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება და განადგურება, არამედ მოხდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებული მტკიცებულების განადგურებაც". - იხსენებს მურვანიძე.
გურამ მურვანიძის ინტერესებს საია იცავს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას გუშინ, 22 იანვარს მიმართეს.
მურვანიძე რეჟიმის სამართალდამცავებმა 12 ივნისს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, აქციის გაშუქების დროს დააკავეს. ბრალდების მხარე მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 14 იანვარს მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.