ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაწყების დაგეგმილი დრო ჰამასის მხრიდან ისრაელისთვის იმ ტყვეთა სიის გაგზავნის გარეშე გავიდა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებას დღეს უნდა გაეთავისუფლებინა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმდება ადგილობრივი დროით დილის 8:30 საათზე უნდა შესულიყო ძალაში.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) მისცა ბრძანება, რომ ღაზაში ადგილობრივი დროით დილის 8:30 საათზე დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში არ შევიდეს, სანამ ჰამასი ისრაელს იმ ტყვეების სიას არ გადასცემს, რომლებიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ კვირას უნდა გაათავისუფლოს.
ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, ჰამასს ისრაელისთვის მძევლების სია მათ გათავისუფლებამდე, სულ მცირე, 24 საათით ადრე უნდა გაეგზავნა, რაც ადგილობრივი დროით დღეს, 18 იანვარს, 4 საათზე უნდა მომხდარიყო.