ნეთანიაჰუს ბრძანებით, ჰამასის მიერ ტყვეთა სიის გაგზავნამდე ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ
GIL COHEN-MAGEN/Pool via REUTERS/File Photo

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) მისცა ბრძანება, რომ ღაზაში ადგილობრივი დროით დილის 8:30 საათზე დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში არ შევიდეს, სანამ ჰამასი ისრაელს იმ ტყვეების სიას არ გადასცემს,  რომლებიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ კვირას უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისი ავრცელებს.

"პრემიერმა თავდაცვის ძალებს (IDF) დაავალა, რომ ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც დაგეგმილია დილის 8:30 საათზე, არ დაიწყოს, სანამ ისრაელს ჰამასის მიერ დაპირებული გათავისუფლებული ტყვეების სიას არ მიაწვდიან" - ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში.

ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, ჰამასს ისრაელისთვის მძევლების სია მათ გათავისუფლებამდე, სულ მცირე, 24 საათით ადრე უნდა გაეგზავნა, რაც ადგილობრივი დროით დღეს, 18 იანვარს, 4 საათზე უნდა მომხდარიყო. 

ისრაელის მთავრობამ ჰამასსთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

15 იანვარს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰამასის მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისრაელმა და ჰამასმა შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს, ისრაელი კი პირვლეი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ჰამასმა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების თანახმად ტყვეების პირველი ნაწილი კვირას, 19 იანვარს უნდა გამოუშვას.

კომენტარები