ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის შეხვედრა თელ-ავივში, 9 მაისი, 2023
Avi Ohayan/GPO

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისზე დაყრდნობით Times of Israel ავრცელებს

შეთანხმებას ჰამასისა და ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებმა ხელი 16 იანვარს დოჰაში მოაწერეს.

პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებით, შეთანხმება განსახილველად ახლა მთავრობის სრულ კაბინეტში გადაინაცვლებს, ხოლო კენჭის ყრა "შაბათის" დაწყებამდე, 18 იანვრამდე ჩატარდება. 

უსაფრთხოების კაბინეტმა მთავრობის კაბინეტისთვის შეთანხმების დამტკიცების რეკომენდაცია გასცა, ვინაიდან შეთანხმების "ყოველი დიპლომატიური, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული" ასპექტის გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ "შეთანხმება ომის მიზნების მიღწევას უწყობს ხელს". 

ცნობისთვის, 15 იანვარს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰამასის მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისრაელმა და ჰამასმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ცოტა ხნის წინ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ჰამასმა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების თანახმად ტყვეების პირველი ნაწილი კვირას, 19 იანვარს უნდა გამოუშვას.

კომენტარები